18 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ოდირი "გერმანული მოდელის" კონსტიტუციურობას არ აფასებს, რადგან დავის საგანი არც არის - გრიგოლ ვაშაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ე.წ. გერმანულ მოდელი ეუთო/ოდირის დასკვნით საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

მისივე განცხადებით, ეუთო/ოდირი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს საარჩევნო სისტემის ის მოდელი, რომელიც კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული.

"ამ დოკუმენტში არის ორი მთავარი პუნქტი. პირველი - პროპორციული არჩევნები და "გერმანული მოდელი" საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ეუთო/ოდირი ცალსახად სთხოვს დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას მიიღოს ის მოდელი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე. კონსტიტუციურობას არ აფასებს იმიტომ, რომ ეს დავის საგანი არ არის. სრულიად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას,"  - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ეუთო/ოდირის 11 გვერდიან დასკვნაში ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ არის საუბარი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც საქართველოში ფაქტობრივად არავინ დაობდა.

მ​თავარი კითხვა იყო ოპოზიციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა - რაზეც პირდაპირი პასუხი დასკვნაში არ არის. 

ოდირის ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების მიღება შესაძლებელია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით. ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს რეკომენდაციაც ეხება ფართო კონსენსუსს - სისტემაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკური თანხმობა უნდა იყოს - წერია დასკვნაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები