18 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ეუთოს არ აქვს არც ერთი კითხვა ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით - დავით უსუფაშვილი

ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაციის გაზიარებისთვის წინასწარ ვიყავით მზად - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გააკეთა.

დავით უსუფაშვილის თქმით, დასკვნაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ მათი პროექტი არაკონსტიტუციურია. როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, ეუთოს არც ერთი კითხვა მოდელის კონსტიტუციურობის შესახებ არ აქვს და კითხვები მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს ეხება.

"ეუთო ამბობს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იგი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ეუთოს არ აქვს არც ერთი კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მას აქვს ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები, ისეთი როგორიცაა ბიულეტენების შევსების წესი ხომ არ დაიხვეწოს, ცესკოს რამდენიმე ზედმეტი დღე ხომ არ მიეცეს შედეგების შეჯამებისთვის და ასეთი საკითხები. 

შეგახსენებთ, ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაციის გაზიარებისთვის წინასწარ ვიყავით მზად და ახლაც ვადასტურებ, რომ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ თემაზე, მათ აქვთ აკვიატებული საკითხი იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება და გვეუბნებიან, აბა სად წერს ეუთო, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება. ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საქართველოს სასამართლო წყვეტს საბოლოო ჯამში ნებისმიერ დავას ამ თემაზე,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ფრაქცია ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის ოთარ კახიძის თქმით, როგორც დასკვნაში წერია, ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლას მხოლოდ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა სჭირდება.

"დასკვნაში ცალსახად წერია, რომ მოქმედი კონსტიტუციით 73 მაჟორიტარია დადგენილი, არსებული კანონმდებლობით 73 მაჟორიტარი აირჩევა ერთმანდატიანი სისტემით, ხოლო ჩვენი შეთავაზებული მოდელით მრავალმანდატიანი სისტემით. ანუ, მაჟორიტარული სისტემის ფარგლებში, ანუ კონსტიტუციურობის ფარგლებშია ჩვენი პროექტი. ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო ცვლილებებს და ამ მოდელზე გადასვლას სჭირდება ორგანული კანონის ცვლილება, რასაც სჭირდება უბრალო უმრავლესობა. შესაბამისად, კონსტიტუციის ცვლილება რომ სჭირდებოდეს, ამას მიუთითებდნენ,“ - განაცხადა ოთო კახიძემ.

ეუთო/ოდირის 11 გვერდიან დასკვნაში ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ არის საუბარი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც საქართველოში ფაქტობრივად, არავინ დაობდა.

მ​თავარი კითხვა იყო, ოპოზიციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა - რაზეც პირდაპირი პასუხი დასკვნაში არ არის.

ოდირის ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების მიღება შესაძლებელია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით. ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს რეკომენდაციაც ეხება ფართო კონსენსუსს - სისტემაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკური თანხმობა უნდა იყოს - წერია დასკვნაში.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები