18 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ეუთო/ოდირის ექვსივე რეკომენდაციას გავითვალისწინებთ - გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია ეუთო/ ოდირის დასკვნაში მოყვანილი რეკომენდაციის გასათვალისწინებლად მზად არის - ამის შესახებ პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ახლა უნდა, რომ 5, 3, 41 ან სხვა ციფრები გამოიყვანოს.

ექვსივე რეკომენდაციას ჩვენ ვითვალისწინებთ და ეუთო/ოდირის დასკვნის შესაბამისად ორგანულ კანონში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განმარტებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყველა საარჩევნო მოდელი კონსტიტუციურია, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდება.

"თუ არ ვცდები მოლდოვას შემთხვევა იყო, როდესაც მსგავსი რამ გაუგზავნეს და თქვა, რომ არაკონსტიტუციური იყო. ჩვენ შემთხვევაში ეს არ უთქვამს. ოდირმა თქვა, რომ კონსტიტუციურობა/არაკონსტიტუციურობა არ დგას, ყველაფერი კონსტიტუციურია, რაზეც შეთანხმდებით," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის 11 გვერდიან დასკვნაში ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ არის საუბარი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც საქართველოში ფაქტობრივად არავინ დაობდა.​

მ​თავარი კითხვა იყო ოპოზიციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა - რაზეც პირდაპირი პასუხი დასკვნაში არ არის. 

ოდირის ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების მიღება შესაძლებელია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით. ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს რეკომენდაციაც ეხება ფართო კონსენსუსს - სისტემაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკური თანხმობა უნდა იყოს - წერია დასკვნაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები