იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თუ ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერა ექნება და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდება, ამას მხოლოდ მიესალმება. მინისტრის თქმითვე, ერთი წლის წინ შოთაძის გადადგომა შეცდომა იყო და ამას მაშინაც ღიად აცხადებდა.
"არავითარი ფარსი ამჟამად არ მიმდინარეობს. დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. მისი გადადგომა იყო შეცდომა, მე ეს ხმამაღლა ვთქვი. მე ვესწრებოდი ამ პროცესს, როდესაც ვთხოვე, რომ ეს გადაწვეტილება არ მიეღო. იყო რა თქმა უნდა რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი, თუმცა მე ამას უფრო მკაცრად ვაფასებ და ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას იმაში, რომ დაბრუნდეს ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა, მე ამას მხოლოდ მივესალმები," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთაც მთავარი ბრალმდებლის პოსტზე პრეტენზია აქვთ. კანდიდატების მოსმენა საპროკურორო საბჭომ გუშინ დაასრულა.