ეუთო/ოდირის დასკვნას, ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან ურთიერთბრალდებები მოჰყვა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული ცვლილების პაკეტი საერთაშორისო ექსპერტებისთვის საერთოდ არ უნდა გაეგზავნათ, რადგან ეუთო ქვეყნის კონსტიტუციასთან საკანონდებლო ცვლილების შესაბამისობას არ ადგენს.
თეა წულუკიანმა დღეს მოლაპარაკების ერთ-ერთ რაუნდიდან გიგა ბოკერიასთან დიალოგი გაიხსენა.
"ამ დასკვნაში წერია ის, რასაც ახლა ვიტყვი. დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო მოლაპარაკების მაგიდასთან ჩემს მიერ ნათქვამი, რაც დღეს ოდირის დასკვნაში წერია.
როდესაც ბატონი ბოკერია თავს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას ქვა ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ჩვენს პროექტს ოდირში გავაგზავნით, მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა, თუ იმ კანონის კონსტიტუციურობას, რაზეც მან ქირქილი წამოიწყო. დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც კონსტიტუციურობას შეამოწმებსო. ეს სამარცხვინოა, რადგან ოპოზიციამ ისიც ვერ გაიგო, თუ სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულიკიანმა.
ევროპული საქართველოს წევრი გიგია ბოკერია კი მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს.
"უკვე თვეებია საჯაროდ ვიმეორებ და ეს მთლიანად ოპოზიციის გზავნილია, რომ დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად გონს მოეგებიან ყველა მისი კლოუნები წულუკიანის ჩათვლით, დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას, საზოგადოების დაზიანებასა და თავის პოლიტიკურ დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყვიტონ ძალადობა. ეს არის ჩვენი საჯარო გზავნილი. რა დახურული შეხვედრა. ის ალბათ გულისხმობს მოლაპარაკებებს დიპლომატებთან, სადაც საიდუმლოდ დავემუქრე მას ამერიკის, ევროკავშირის და გერმანიის ელჩის თანდასწრებით. ტყუილად ნერვიულობს ის, ამას აჯობებს გონს მოეგონ და არ აკეთონ ეს ბრიყვული განცხადებები. სწორედ მათ უბიძგეს საზოგადოებას აღშფოთებისკენ, ზიანი მიაყენეს ქვეყანას და არანორმალური სცენარის რისკის ქვეშ დაგვაყენეს, რომელშიც ძალიან მწარედ დამარცხდებიან," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ.