2019 წლის მიწურულს ყველაზე პოპულარული სიტყვათწყობა საქართველოში - "გერმანული მოდელი" გახდა.
3000 კილომეტრში მდებარე საკანონმდებლო ორგანოს არჩევის წესს, ე.წ. გერმანულ მოდელს, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "მაშველ რგოლად" მიიჩნევდა, რომელსაც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოეყვანა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ქუჩაში გატანილი პროცესები, ისევ პარლამენტის კედლებში დაებრუნებინა.
ოპოზიციისგან განსხვავებით გერმანულ მოდელს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს მმართველი გუნდი და ოპონენტებს ურჩევს 2020-ის არჩევნებისთვის მოემზადონ.
დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა დიპლომატიურმა კორპუსმა სცადა და მათი მედიატორობით, საარჩევნო სისტემაზე სამსჯელოდ, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა რამდენიმე რაუნდიანი შეხვედრის შემდეგ, არსებითი შედეგი არ დადებულა.
ხელისუფლება თავისი გაგებით დათმობაზე წავიდა და ოპოზიციას მანდატების 100/50 პროპორციით განაწილება შესთავაზა, სადაც 100 მანდატი პროპორციულად არჩეულ დეპუტატებს, 50 კი მაჟორიტარებს შეხვდებოდათ, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა. ამ შეუთანხმებლობის ფონზე, პოლიტიკური სპექტრიც და მედიაც შეხვედრის მორიგი რაუნდის მოლოდინშია. ხელისუფლების თქმით, თუ ოპოზიცია ამ ვარიანტს არ დათანხმდება, მოუწევს 2020 წელს, არსებული, შერეული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
რას გვეუბნება ეუთო/ოდირი
სახალხო დამცველმა ოპოზიციის შემუშავებული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის მოდელი (ე.წ. გერმანული მოდელის ადაპტირებულ ვარიანტი მრავალმანდატიანი ოლქებით) ეუთო/ოდირს შეფასებისთვის 2019 წლის დეკემბერში გადაუგზავნა. 2020 წლის თებერვალში მოსულმა პასუხმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისის მიერ მომზადებული დასკვნაში ხაზგასმულია, რომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლოებმა უნდა მიიღონ, თუმცა ODIHR-ი აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ანალიზს და რეკომენდაციებს დასკვნაში მაინც აქვეყნებს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შერჩევა ქვეყნის სუვერენული უფლებაა და მისი არჩევა, იქნება ის მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული, ინკლუზიური განხილვის საგანი უნდა გახდეს.
ODIHR-ის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ ელემენტებს ცვლის, საერთაშორისო პრაქტიკით კი რეკომენდირებულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ძირითადი ასპექტები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ცვლილებებისთვის არ გაიხსნას.
ODIHR-ის ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების მიღება შესაძლებელია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით. ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს რეკომენდაციაც ეხება ფართო კონსენსუსს - სისტემაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკური თანხმობა უნდა იყოს - წერია დასკვნაში.
ODIHR-ის შეფასებას საკუთარი სიმართლის დამტკიცებად მიიჩნევს ოპოზიცია და აცხადებს, რომ დასკვნაში არაფერია ნათქვამი კანონპროექტის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება გერმანულ მოდელს აბრალებდა. ხელისუფლება კი, თავის მხრივ აცხადებს, რომ დასკვნაში არსად წერია ის, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი კონსტიტუციურია, რადგან ეუთო/ოდირი კონსტიტუციურობის საკითხს ვერ ადგენს.
ხელისუფლება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ვარიანტში მრავალმანდატიანი ოლქების საკითხსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანას არა "გერმანულ", არამედ "ავღანურ მოდელს" სთავაზობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც მრავალმანდატიან ოლქებად დაყოფას ითვალისწინებს, ავღანეთის პრეზიდენტს მას შემდეგ მოუწია, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარი თქვა.
რა პრინციპით ნაწილდებოდა საქართველოს პარლამენტში მანდატები ამ დრომდე
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომელთაგან 73 მაჟორიტარული სისტემითაა არჩეული, 77 კი პროპორციული სისტემით. ამასთან პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულობა ამ 77-დან ანგარიშდება.
მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული შედეგებით "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების 73 მანდატიდან 71 მოიპოვა. პროპორციული სისტემით კი- 48.68% მიიღო და პარტიული სიიდან 44 დეპუტატი გაყვანა შეძლო.
საბოლოოდ "ქართული ოცნების" დეპუტატების რაოდენობამ 115 შეადგინა და საკონსტიტუციო უმრავლესობის (113 დეპუტატი) მოპოვება შეძლეს.
რას გულისხმობს "გერმანული მოდელი"
გერმანულ საარჩევნო სისტემის მიხედვით ბუნდესტაგში დეპუტატების ნაწილი მაჟორიტარული, ნაწილი კი პარტიული სიის მიხედვით გადის. თუმცა პროპორციულობა არა პარტიული სიის მიხედვით გასული დეპუტატებიდან არამედ პარლამენტის მთლიანი რაოდენობიდან იანგარიშება, ანუ პარლამენტში პოლიტიკური ძალის მიღებული მანდატები (მაჟორიტარულს+პარტიული ) პარტიის მიერ მიღებული პროცენტის პროპორციულია. მაგალითად, დავუშვათ პარლამენტში არის 100 მანდატი, 50 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებისთვის, 50 პროპორციული წესით. X პარტიამ არჩევნების პროპორციულ ნაწილში მიიღო 20 % და ამასთან გაიყვანა 5 მაჟორიტარიც. რადგან პროპორციულობის წესის თანახმად, პარლამენტში 20 დეპუტატი ამ პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს, საკანონმდებლო ორგანოში პირველ რიგში შედის 5 მაჟორიტარი, დანარჩენი 15 კი, მას პარტიის პროპორციული სიიდან ემატება.
ისიც ხდება, რომ პარტია მაჟორიტარულ ნაწილში მეტ წარმატებას აღწევს ვიდრე პროპორციულში. ამ შემთხვევაში, საკითხი მაჟორიტარების სასარგებლოდ წყდება და ისინი ყველა ვარიანტში შედიან პარლამენტში. პარტიათა შორის პროპორციულობა რომ არ დაირღვეს დეპუტატების საერთო რაოდენობის მცირე ცვლილება ხდება ზოგჯერ საჭირო. ბუნდესტაგში ეს შესაძლებელია, რადგან რაოდენობა მკაცრად განსაზღვრული არაა.
რატომ მიიჩნევს "ქართული ოცნება" "გერმანულ მოდელს" ანტიკონსტიტუციურად
მმართველი გუნდი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად 2020 წელს ასარჩევი პარლამენტი უნდა შედგებოდეს "პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისგან", აქედან გამომდინარე, 77 მანდატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარული წესით უნდა განაწილდეს. მათი შეფასებით, ანტიკონსტიტუციურია სწორედ ის, რომ "გერმანული მოდელით" ყველა მანდატი პროპორციული წესით ნაწილდება.
რას ითვალისწინებს გაქართულებული "გერმანული მოდელი"
პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებამ საკმაო პოლიტიკური ძვრები გამოიწვია, არა მხოლოდ "ქართულ ოცნებაში", არამედ ოპოზიციაშიც.
"ოცნების" საპარლამენტო შემადგენლობიდან 13 დეპუტატი წავიდა, რომელთა შორის 2 ვიცე-სპიკერი და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე იყო. რაც შეეხება ოპოზიციას, საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნამ მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა ისეთი განსხვავებული პოლიტიკური ძალები, როგორებიც არიან, მაგალითად "ლეიბორისტული პარტია" და "გირჩი", "ნაციონალური მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი" და ა.შ.
30 პოლიტიკური ძალის ავტორობით შეიქმნა საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში 4 დეკემბერს დარეგისტრირდა.
კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ისევ შერეული სისტემით ჩატარებას გულისხმობს, თუმცა მთავარი და პრინციპული ცვლილება მიღებული ხმების სადეპუტატო მანდატებში კონვერტირების პრინციპშია. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 2 ექვსმანდატიანი, 3 შვიდმანდატიანი და 5 რვამანდატიანი.
არჩევნებში მონაწილე იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა 3%-იანი საარჩევნო ზღურბლი, განისაზღვრება 150-ის იმდენი პროცენტით, რა პროცენტიც პროპორციული საარჩევნო სისტემით მიიღო. არჩევნებში მიღებული პროცენტის პროპორციის მისაღწევად მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა ივსება პარტიული სიიდან, ხოლო თუ პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა ტოლია, ან აღემატება პარტიის მიერ პროპორციული სისტემის შესაბამისად მიღებული მანდატების რაოდენობას, პარტიული სიიდან მას არც ერთი მანდატი აღარ მიეკუთვნება.
ამომრჩეველი თავის პირველ ხმას აძლევს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმას - ერთ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს.
რას ველით...
მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 8 თვეა დარჩენილი, თუმცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, რა მოდელით და როგორ უნდა აირჩნენ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლების დამარცხებას ნებისმიერი საარჩევნო სისტემით შეძლებს. ასეთივე რადიკალურია "ქართული ოცნებაც," მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ისევ უმრავლესობით მოვა.
ავტორი: ნინო ზედგენიძე