ფრანგულ-გერმანული დღე თბილისში. თარიღთან დაკავშირებით, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები რობერ შუმანის სახელობის სასწავლო დაწესებულებაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებისთვის წარმოდგენა გამართეს. ფრანგულ-გერმანული დღე ელისეის ხელშეკრულების სახელით ცნობილი თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას უკავშირდება.
"22 იანვარი საფრანგეთის და გერმანიის მეგობრობის დღეა. გადავწყვიტეთ ამ სკოლაში მოვსულიყავით, რათა ქართველი მოსწავლეებისთვის ჩვენი ქვეყნების შესახებ მოგვეყოლა. ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ისწავლება გერმანული, ფრანგული და ინგლისური. ამ გზით ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს, რომ უფრო პროდასავლური, თანამედროვე ქვეყანა გახდეს, ეს კი უცხო ენების სწავლებას გულისხმობს. ასევე, აქცენტი კეთდება ისტორიაზე. ისტორია სწორად უნდა ისწავლებოდეს," - განაცხადა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.
გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშიმ საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
"ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება. შოთა რუსთაველმა დაწერა - ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. ვეთანხმები ამ მოსაზრებას. გერმანიასა და საფრანგეთს საუკუნეების განმავლობაში ბევრი ომი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ამ ორ ქვეყანას ძლიერი მეგობრობა აკავშირებს," - განაცხადა ჰუბერტ კნირშიმ.