ოპოზიციონერი ლიდერები გიგი უგულავას შესაძლო დაკავების საკითხს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ, მათი თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის იარაღი ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელსაც წინასაარჩევნოდ იყენებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მსოფლიო პოლიტიკაში მსგავსი პრეცედენტი არ მოიძებნება, სადაც საუბარია ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებაზე, ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ.
"არ მომეძებნება პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკაში, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს ერთი და იმავე საქმეზე ორჯერ აკავებდნენ. იმედი მაქვს ეს პრეცედენტი არ შედგება საქართველოში, თუმცა ბიძინა ივანიშვილს რომ ამის დიდი სურვილი აქვს, ეს ვიცით და ამის მაგალითები გვაქვს კიდეც, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი. თუ ეს იკადრა ბიძინა ივანიშვილმა, მას მძიმე პოლიტიკური ფასის გაღება მოუწევს,"- განაცხადა ნიკა მელიამ.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ გიგი უგულავას საქმე პოლიტიკურად შეფუთულია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს.
"ეს არის ის პოლიტიკური საქმე, რომელსაც იყენებს "ქართული ოცნება" ოპოზიციის წინააღმდეგ. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებენ და უკან არ დაიხევს არც გიგი და არც არავინ. მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და მის მესვეურებს, აუცილებლად წელს დამთავრდება ეს მარაზმი, რომელშიც თქვენ ქვეყანას აცხოვრებთ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.