დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავება არის მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის გაფრთხილება - ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ უგულავა ივანიშვილის პირადი პატიმარია და ის ოპონენტებზე შურისძიებას აგრძელებს.
ქუჩის აქციები და მშვიდობიანი მანიფესტაციები - ოპოზიცია ბრძოლის გაგრძელებას ისევ ქუჩაში აპირებს.
ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დანგრევას ცდილობს.
"გიგიმ უკვე აჩვენა მხნეობის ძალიან კარგი მაგალითი საზოგადოებას და პირველ რიგში "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს თუ როგორი ფუჭი და ამაოა ის მცდელობები, რასაც ადგილი აქვს მისი მხრიდან. სულ ტყუილად იგდებს აბუჩად უზენაეს მოსამართლეებს და სულ ტყუილად ცდილობს მართლმსაჯულება დაანგრიოს ქვეყანაში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დაასრულებს მას,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელის თქმით, ხელისუფლება ყველა იმ ადამიანის დაშინებას ცდილობს, ვინც ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება.
"ცდილობენ, რომ დააშინონ ყველა ის ადამიანი, ვინც უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, გაგრძელდება უმწვავესი და უკომპრომისო ბრძოლა," - განაცხადა ნიკა მელიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრებას მთელი ძალებით ეცდება.
"თავისუფლებისთვის ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ აუცილებლად ერთმანეთთან კოორდინაციით და კონსოლიდაციით მივაღწევთ იმას, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ,"- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ გიგი უგულავამ ერთხელ უკვე მოიხადა სასჯელი ამ საქმეზე. თაკო ჩარკვიანი სახალხო გამოსვლებს აანონსებს.
"ადამიანმა ერთხელ უკვე მოიხადა სასჯელი. დღეს საქართველოს უთხრა ბიძინამ, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და მე ვარ სასამართლოო. სახალხო გამოსვლებით უნდა გავაგდოთ ეს ფაშა, რომელიც სათავეში ზის,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.