გადაუვადდება თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის მოხდა - ამ მოთხოვნით "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს დღეს მიმართავს.
ცენტრის შეფასებით, დეკანოზის სამედიცინო საჭიროებები დაკმაყოფილებული არ არის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თამთა მიქელაძის განცხადებით, გიორგი მამალაძე სისტემის მსხვერპლი აღმოჩნდა.
"დეკანოზი მსხვერპლი აღმოჩნდა, როგორც სამართალდამცავი სისტემების ისე საეკლესიო და პოლიტიკური სისტემის. ჭარბი კონტროლი, რომელიც ციხეშია არის შემზღუდველი. ციხეში ის 24 საათიანი დაკვირვების ქვეშ არის, იზღუდება მისი რელიგიის თავისუფლება და უკვე როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს იქაც არ მიაქციეს სათანადო ყურადღება, ეს ყველაფერი კი აპროვოცირებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას,"- განაცხადა თამთა მიქელაძემ.