18 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
თბილისში მიწის უკანონოდ მითვისება ძალიან ხშირად ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე უკანონო სახლის დემონტაჟზე

უკანონო მიწების მიტაცებას ვერ დაუშვებთ - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი ავჭალაში, ბაზალეთის ქუჩაზე გუშინ მომხდარ ფაქტს. ავჭალაში გუშინ ზედამხედველობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა შეიყვანა და საცხოვრებელი სახლი დაშალა.

სახლის დემონტაჟს მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოყვა. მაცხოვრებლების განცხადებით, დემონტაჟის შესახებ მათ წინასწარ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.

კალაძის თქმით, მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების მითვისება თვითნებურად ხდება, რაც დაუშვებელია.

თბილისის მერი აცხადებს, რომ უკანონოდ მიწის მიტაცების ფაქტები ქალაქში ძალიან ხშირია და შესაბამისი სამსახური დაადგენს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

"უკანონო მიწის მიტაცებებს ჩვენ ვერ დავუშვებთ, ეს არის სერიოზული პრობლემა. ქალაქში დღესაც არის უკანონო მიწის მიტაცების ფაქტები და ვინ დგას ამის უკან, ამას შესაბამისი სამსახური დაადგენს. ამ ოჯახების დიდ ნაწილს საცხოვრებელი ფართი უკვე აქვს და ხდება უკანონოდ მიტაცება, რაც კატეგორიულად მიუღებელია," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები