საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ აღარ ხდება.
ამ შეფასებით მდინარაძე, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ოპოზიციური პარტიების კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები შეცდომაში სწორედ ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებს შეყავს.
"ვეთანხმები, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის, ეს ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. ეს ხდებოდა 2012 წლამდე. პროცედურული დარღვევა საქმეში არ არის, ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას ატყუებს და როგორც ჩანს, საერთაშორისო პარტნიორებსაც, რომ ერთ საქმეზე ორჯერ გასამართლდა ადამიანი. მსგავსი არ მომხდარა. ერთ საქმეზე ორჯერ მოუწია მას ციხეში ჯდომა, იმიტომ რომ უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომლის მიხედვითაც დაადგინა, რომ საქმე გვაქვს გაფლანგვასთან და არა უფლებამოსილების გადამეტებასთან, როგორც ეს, ორი ინსტანციის სასამართლომ თქვა და შეუფარდა შესაბამისი სასჯელი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის თქმით კი, ბიუჯეტის გაფლანგვა ყველაზე მძიმე დანაშაულთან არის გათანაბრებული.
"ძალიან კარგად იციან, რომ ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია. იმდენად დიდი, რომ გათანაბრებულია ყველაზე მძიმე დანაშაულთან. ასეთი დანაშაულებებისთვის საკმაოდ ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. ის აგრესიული პოლიტიკური პოზიცია და აქტივობები იმასთან იყო დაკავშირებული, რომ თვითონაც კარგად აცნობიერებდა, 50 მილიონის მოპარვა ასე არ ჩაივლიდა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი