18 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება კინოცენტრში - პროდიუსერებთან და რეჟისორებთან დახურული შეხვედრა ჩაიშალა

ხმაური და დაპირისპირება კინოცენტრში. პროდიუსერებთან და რეჟისორებთან დახურულ შეხვედრაზე რეჟისორების ნაწილი არ შეუშვეს, რასაც პროტესტი მოჰყვა. კინოცენტრში მიმდინარე შეხვედრა ამ ინციდენტის გამო ჩაიშალა.

რეჟისორებისა და მსახიობების ნაწილი, რომლებიც შეხვედრაზე არ შეუშვეს, ამბობს, რომ მიზეზი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი პროტესტი გახდა. ისინი ამბობენ, რომ გამოყოფილი ბიუჯეტი მცირეა და მათი ნამუშევრების დაფინანსებას არ ყოფნის და არასამართლიანად არის გადანაწილებული. პროტესტის გამოხატვის შემდეგ, ისინი შეხვედრაზე შეუშვეს. 

"ეს არის კინოცენტრი, რომელიც სახელმწიფოს მექანიზმია, რომელიც აფინანსებს ქართულ კინოს. დაფინანსება არის ძალიან მწირი, რომელიც არ ჰყოფნის. ერთი სრულფასოვანი ფილმის გადაღებაც არ შეიძლება ალბათ ამ დაფინანსებით. რაც გამოყოფილია, რა თქმა უნდა, ეს უნდა განაწილდეს ალბათ სამართლიანად და ყველას აქვს უფლება, მოვიდეს და გაერკვიოს რა ხდება. მეც ამიტომ მოვედი და აღმოჩნდა, რომ აქ რაღაც სიები იყო შედგენილი ვიღაცის მიერ. ვიღაცას უშვებენ, ვიღაცას არა,“ - აცხადებს  მსახიობი დავით ცირეკიძე.

შეხვედრის და დაფინანსებების შესახებ რეჟისორებისა და მსახიობების ნაწილის კრიტიკულ განცხადებებს კინოცენტრის დირექტორი პასუხობს. გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ შეხვედრები ყველასთან ეტაპობრივად გაიმართება.

"დახურული იყო ყველასთვის, პროდიუსერების გარდა.  ჩვენ ეტაპობრივად მოვაწყობთ შეხვედრებს როგორც რეჟისორებთან, ასევე მსახიობებთან, ასევე კინომცოდნეებთან. მე არ ვიცი, კონკრეტულად რომელიც რეჟისორის ან პროდიუსერის პროექტი არ დაფინანსდა კინოცენტრის საშუალებით. მე მგონი, ასეთი არ არსებობს ბუნებაში,“ - განაცხადა კინოცენტრის დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ.

დღის ამბები