18 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
მათ უნდათ კვლავ მოატყუონ ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები - გოცირიძე ხელისუფლებასთან დიალოგს აღარ აპირებს

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან დიალოგის გაგრძელების შეთავაზებას რომან გოცირიძე დროის მოგების მცდელობად აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებას რეალური კომპრომისის მიღწევა არ სურს:

"ამ პირობებში, ამ შემოთავაზებებით დიალოგს არ აქვს არავითარი აზრი, ვინაიდან "ქართულ ოცნებას" დიალოგი არ უნდა. ისინი არ არიან მზად კომპრომისისთვის, მათ უნდათ დროის მოგება, უნდათ კვლავ მოატყუონ ამომრჩეველი, საერთაშორისო პარტნიორები, მაგრამ ეს არ გამოუვათ, ბოლო ნიღაბი ჩამოეხსნათ გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ, ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში "ქართული ოცნება" მიდის პოლიტიკური ველიდან და მიდის პოლიტიკურ სანაგვეში," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიალოგის ჩაშლაში მთავარ დამნაშავედ ხელისუფლებას მიიჩნევს "ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა. მისი განცხადებით, სწორედ მმართველმა გუნდმა განახორციელა რეპრესიული ღონისძიება და გიგი უგულავა პირდაპირ მოლაპარაკების მაგიდაზევე დააპატიმრეს.

"ოპოზიცია იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, მზად ვიყავით და რამდენიმე კომპრომისი შევთავაზეთ, ასევე მზადდებოდა კიდევ ახალი კომპრომისი მაგრამ ამ დროს მათ განახორციელეს კვლავ რეპრესიული ღონისძიება, პირდაპირ მოლაპარაკების მაგიდაზევე დააპატიმრეს გიგი უგულავა, ამ პირობებში მოლაპარაკება არის წარმოუდგენელი.," - განაცხადა გიორგი გუგავამ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც შეხვედრის მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს.

დღის ამბები