მას შემდეგ, რაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დიალოგი ჩიხში შევიდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, ნებისმიერი ფორმულა, რასაც ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს, სახელმწიფო ინტერესებითაა ნაკარნახევი.
"მთავარი ამოსავალი წერტილი იმისთვის, რათა ჩამოყალიბდეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულება მოლაპარაკების თემის მიმართ, არის ერთადერთი და უალტერნატივო - ეს არის სახელმწიფოს ინტერესები. თუკი ჩვენ რაიმე ფორმულას ან სისტემას ვთავაზობთ ჩვენს ოპონენტებს, საზოგადოებას, მხოლოდ ერთადერთია ამის მიზანი, რომ იყოს სტაბილურობა შენარჩუნებული ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში, რომ იყოს საქართველო გამორჩეული სტაბილურობით და განვითარების პერსპექტივით,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, დიალოგის ფორმატს დაუბრუნდნენ.
"საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენც, ყველანი ერთად მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმიტომ, რომ ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის, მოსახლეობის, ქართული საზოგადოების წინაშე, ისინი აყირავებენ მაგიდას იმ საბაბით, თითქოს პოლიტიკურ პატიმრობასთან გვაქვს საქმე, ამასთან დაკავშირებით ჩამოვიდეს მისია, ვამბობთ და ამბობენ, რომ არა, მისია არ არის შესაბამისი ფორმატიო,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.