დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგას ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი პატარა ანიტა ფაცაციას მიმართ გამოხატული თანადგომისთვის, ინდოელი მედიკოსებისა და მეცენატების მხრიდან ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან პატარა ანიტას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
მინისტრებმა ინდოეთსა და საქართველოს შორის დინამიკურად მზარდი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მიზნით მჭიდრო და აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა ინდოეთთან, როგორც ეკონომიკის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა კოლეგას საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიაწოდა ინფორმაცია და იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და მსოფლოს წამყვან ბაზრებთან საქართველოს ეფექტიანი პოზიციონირებისთვის განხორციელდა.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველოს მაღალ შეფასებებს და ასევე, იმ დადებით პროგნოზებს, რასაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის შესახებ მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები აკეთებენ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს. მინისტრმა ინდოელ კოლეგას ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ და ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ინდურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დადებითი შეფასება მიეცა ინდოეთთან კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების მაღალ დონეს, თანამშრომლობას განათლებისა და ტურიზმის სფეროში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში მონაწილეობს.