ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. შემთხვევითი არ არის რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მირქმის დღესასწაული მიულოცა.
„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.
საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს," - განაცხადა კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ.