ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ საპატიმროს ტოვებს, არასამთავრობო ორგანიზაცია " შეინარჩუნე სიცოცხლეს " წარმომადგენლებმა და ე.წ მუხროვანის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული გია კრიალაშვილის ოჯახის წევრმა განცხადება გააკეთეს.
დაღუპულის დის, ლია კრიალაშვილი თქმით, ე.წ მუხროვანის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული გია კრიალაშვილის საქმეზე გამოძიება წლებია მიმდინარეობს, თუმცა ვანო მერაბიშვილი პასუხისგებაში არ მიცემულა.
ლია კრიალაშვილი პროკურატურას გამოძიების დროულად დასრულებისკენ მოუწოდებს.
"კაცი, რომელიც ორ გვამს ითხოვს და ამბობს, რომ პრემიები დიდი იქნება. გაცემული პრემიების სიები პროკურატურაში დევს. მიხეილ სააკშვილი პირდაპირ ითხოვდა მიწიდან ამოეღოთ კრიალაშვილი, ეს პირდაპირი ბრძანება იყო ლიკვიდაციის," - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.
"შეინარჩუნე სიცოცხლეს" წევრების განმარტებით, ვანო მერაბიშვილი გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის დამკვეთია და უნდა დაისაჯოს.
"ეს არის ირაკლი შოთაძის ერთ-ერთი პირველი გამოწვევა. "შევინარჩუნოთ სიცოცხლეს" წევრები აქტიურად ვიქნებით მიმართული, რომ მან ეს გამოწვევა შეასრულოს. ჩვენ ვანო მერაბიშვილს არ მივცემთ პოლიტიკაში მშვიდად ყოფნის საშუალებას. ის არის მკვლელი და აუცილებლად აგებს პასუხს," - განაცხადა "შევინარჩუნოთ სიცოცხლე" წევრმა შაკო კუჭაშვილმა.
7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი ციხეს ტოვებს. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ე.წ. მატროსოვიდან ხვალ დილით გათავისუფლდება.