18 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია სახელმწიფოს "გრინვეისთვის" პრივილეგიების მინიჭებაში ადანაშაულებს

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის  ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა  პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

მისი განცხადებით, კომპანია "გრინვეი" სახელმწიფოს მხრიდან პრივილეგიით სარგებლობს და ისეთ ნებართვებს იღებს, რაც ბაზარზე არსებულ სხვა ოპერატორ 40 კომპანიას არ აქვს. კერძოდ, ასოციაცია სამრეცხაოების მოწყობისა და სერვისის სხვადასხვა ლოკაციიდან მიწოდების საშუალებას გამოყოფს.

დავით მესხიშვილის თქმით, "გრინვეის" უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას კომპანიასა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს, რომელიც გასაიდუმლოებულია.

"გრინვეი საქართველო" სარგებლობს პრივილეგიით სხვა მოქმედ კომპანიებთან შედარებით და ქმედებები მხარდაჭერილი და წახალისებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ. ამას ასე განმარტავენ, რომ გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელიც კომპანია გრინვეის და ეკონომიკის სამინისტროს აძლევს საშუალებას, რომ კონკრეტულად ეს კომპანია დააყენოს სხვაზე წინ. ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია და ის გაფორმდა დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში,"- განაცხადა დავით მესხიშვილმა.

კომპანია "გრინვეის" კომუნიკაციების ოფიცერი ხატია ყურაშვილი ასოციაციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და კონკრეტული მაგალითების წარმოდგენას ითხოვს.

"აბსურდულია ყველა განცხადება, რაც გაკეთდა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. საჭიროა კონკრეტული ფაქტებით საუბარი, როდესაც ამბობენ, რომ რაიმე პრივილეგიას ფლობს კომპანია. საჭიროა კონკრეტული, არგუმენტირებული, დასაბუთებული წინადადებების წარმოდგენა. შესაბამისად, გაუგებარია ამ პრესკონფერენციის მიზანი. კომპანია ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,"- განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

დღის ამბები