თბილისში, ჩარგლის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართეს. ადგილობრივები შპს "რეგიალის" მიერ, ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.
"ჩარგლის ქუჩა 79-ის მაცხოვრებლები ვაპროტესტებთ იმ ქაოსურ მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღარ რჩება არავითარი სივრცე, გზის გამტარიანობა ნულამდე დავიდა. ამიტომ მოვითხოვთ შეგვხვდეს ქალაქის მერი, რათა ის ტერიტორია, სადაც კორპუსი უნდა აშენდეს, რეკრეაციულ ზონად იქცეს," - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა, თეიმურაზ ცერცვაძემ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ მშენებლობა მწვანე საფარის, საპარკინგე ადგილისა და თავისუფალი სივრცის განადგურებას გამოიწვევს. ამიტომ ისინი აპირებენ, სარჩელი სასამართლოში შეიტანონ.
"6 კორპუსის მოსახლეობას ელემენტარული სივრცე აღარ გვრჩება, რომელიც შეიძლება რომ გავამწვანოთ, მზის შუქი დავინახოთ და ჰაერი მივიღოთ. ჩვენ ვამზადებთ სარჩელს, მივმართავთ სასამართლოს, ასევე მოვითხოვთ მშენებლობის შეჩერებას მანამ, სანამ არ გაირკვევა რატო გასცა მერიამ სამ კორპუსს შორის დარჩენილ პატარა ბორცვზე, დამატებითი მშენებლობის ჩატარების ნებართვა," - განაცხადა ჩარგლის ქუჩის მცხოვრებმა, ანა ნაცვლიშვილმა.