პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის ეზოში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამწუხარო ფაქტია, რომ ამ ღონისძიებას ყველა პოლიტიკური ძალა არ ესწრება. ზურაბიშვილის თქმითვე, პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება იუნკერთა შეურაცხყოფა იყო.
"მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არ არის შეკრებილი, სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და ამ ადგილას გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი. ეს არის ამათი შეურაცხყოფა. ყველაფერი შეიძლება - კრიტიკა, დაცინვა, მაგრამ არსებობს რაღაცეები, რაც არ შეიძლება და ეს უნდა ვასწავლოთ ჩვენს მომავალ თაობას. გრძელდება ბრძოლა, როცა პატივს ვაგებთ ტატუნაშვილის ხსოვნას, ახალგაზრდა ბიჭს იტაცებენ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილი დღეს მთავრობასთან და დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის ეზოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.