პარლამენტში დღეს ისევ ფინანსთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ. სესიის შემდეგ ივანე მაჭავარიანს უკვე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ელოდებოდნენ.
ფინანსთა მინისტრს დეპუტატებისთვის რამდენიმე ძირითად საკითხზე ანგარიში უნდა ჩაებარებინა, მათ შორის, არის სატელევიზიო კომპანიების დავალიანება და ამ თანხის ამოღების გრაფიკი, ასევე აზარტული თამაშები და ე.წ. ყალბი აქტივების საქმე, თუმცა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში მოსვლა გადაიფიქრა.
მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც" დაიბარეს. მათ იმის შესახებ, რომ ფინანსთა მინისტრი პარლამენტში არ მოდიოდა, კომიტეტის სხდომაზევე შეიტყვეს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა, რომ მან სცადა დღეს საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის დარწმუნება, თუმცა მიუხედავად ამისა, ივანე მაჭავარიანი დღეს პარლამენტში დაგეგმილ მოსმენაზე მაინც არ მივიდა.
"ის რჩება იმ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომელიც მან მოიწერა და თქვა, რომ მე თანახმა ვარ მოვიდე სესიაზე და იქ ავხსნა ყველა ის საკითხი და თუ დარჩება იქ შეკითხვები, მაშინ თანახმა ვარ, რომ კომიტეტზეც განვაგრძო ეს ყველაფერი. იმედია თვითონაც დაადასტურებს, მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, რათა დამერწმუნებინა ის რეგლამენტის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. არგუმენტი ადამიანურად გასაგებია, თუმცა ვფიქრობდი, რომ რეგლამენტი უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე," – აცხადებს რომან კაკულია.
"დამოუკიდებელმა დეპუტატები" ამბობენ, რომ ფინანსთა მინისტრის ამ გადაწყვეტილებით შეურაცხყოფილნი არიან. მათი თქმით, ფინანსთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა გუნდის შიგნით უნდა დააყენონ, ვინაიდან აღნიშნული საქციელი რეგლამენტის აბუჩად აგდებაა.
"ეტყობა მინისტრის საათს და საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქციისგან დაბარებას სავარაუდოდ ვერ ანსხვავებს მინისტრი ერთმანეთისაგან. აბსოლუტურად გაუგებარია, მინისტრის საათი სხვა ფორმატია, თქვენ კარგად იცით. მოვისმინეთ მისი მოხსენება, რომ ქვეყანაში ყველაფერი ბრწყინვალედ არის და გადასარევად არის. ის პასუხები, რომელიც იქ მივიღეთ, არ იყო ჩვენს კითხვებზე დასმული პასუხები და არც ინფორმაცია იყო დამაკმაყოფილებელი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ როგორც ჯანდაცვის მინისტრის, ისე ფინანსთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააყენოთ თქვენ სავარაუდოდ გუნდის შიგნით იმიტომ, რომ თუ საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, მე მგონია, რომ უბრალოდ თქვენს მინისტრებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია პარლამენტიც და რეგლამენტიც,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ჟურნალისტი და ტელეკომპანია "ტვ პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრს შეეშინდა კითხვებზე პასუხის გაცემის და სწორედ ამიტომ არ მოვიდა შეხვედრაზე.
"როგორც ჩანს, საქართველოს ჰყავს მშიშარა ფინანსთა მინისტრი. დამოუკიდებელი დეპუტატები სერიოზული კითხვებით იყვნენ აღჭურვილები. დღგ-ებთან და ტელევიზიებთან დაკავშირებით. მან კი, ბატონ რომან კაკულიამ მხოლოდ დღეს დილით ამცნო, რომ არ მოდიოდა. ველოდი, რომ შეკითხვები იქნებოდა და ის აგვიხსნიდა, რა გრაფიკი იქნებოდა, მაგრამ არ მოვიდა შეხვედრაზე. არსებობს ინფორმაცია, რომ ფინანსთა მინისტრს მალე შეცვლიან და როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია უსაფუძვლო არ არის,"- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.