პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრისთვის ივანე მაჭავარიანისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მინისტრი არ მივიდა.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტზე ივანე მაჭავარიანი სწორედ ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" დაიბარა.
ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტს პატივს არ სცემს.
"ამ ქვეყანაში როგორც ჩანს დაბრუნდა პერიოდი, რომელიც სააკაშვილის დროს იყო. მინისტრებს კანონი საერთოდ არ აინტერესებდათ. ასევე, საერთოს არ აინტერესებდათ, ვინ რას იტყოდა ან შეწუხდებოდა. დაახლოებით ამ ტიპის სახელწიფო დაგვიბრუნეს. გამოვიდა, რომ ყველაფერი არის წყალში გადაყრილი, შრომაც, ის ენერგიაც, ის მოლოდინიც და სურვილიც, რომ მეტი გააკეთო. კი ბატონო ვნახოთ, როგორი იქნება პასუხები შეურაცხყოფაზე. ეს, ბუნებრივია ამით არ დასრულდება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასერიოზული საქციელი იყო მინიმუმ. მაქსიმუმ ამ პარლამენტს რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს დადგებოდა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრს დეპუტატებისთვის რამდენიმე ძირითად საკითხზე ანგარიში უნდა ჩაებარებინა - მათ შორისაა, სატელევიზიო კომპანიების დავალიანება და ამ თანხის ამოღების გრაფიკი, აზარტული თამაშების საკითხი და ასევე ე.წ. ყალბი აქტივების საქმე.