პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
თალაკვაძე, ჯერჯერობით, საკითხს არ გამოხმაურებია, თუმცა შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღმოჩენილ იარაღსა და არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ სახლს შორის კავშირს ვერ ხედავს.
"ჩემთვისაც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელში, პარლამენტის თავმჯდომარის ბინის მიმდებარედ. ერთ-ერთი არხი დილიდან გადმოგვცემს და საზოგადოებას ეუბნება, რომ თალაკვაძის ბინაში რაღაც ხდება. ეს არის ჩვენი მედიის ნაწილის დღის წესრიგის შექმნის ძალიან ბინძური მცდელობა, რაც ძალიან სამწუხაროა. გამოძიება თავისას იტყვის, იქ რატომ დააგდო ვიღაცამ იარაღი და ა.შ. ყოველ შემთხვევაში არჩილ თალაკვაძის ოჯახთან და ბინასთან ამას არანაირი შეხება არ ჰქონია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი სახლი სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ მოექცა. პირველ შემთხვევაში საქმე ძარცვის ფაქტს ეხებოდა.
მეზობლები მედიასთან საუბრისას აცხადებენ, მათ ამ დრომდე საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ.
"გავრცელდა ხმა, რომ თითქოს იარაღი იპოვეს პირველსა და მეორე სართულს შორის. ჩვენ მეზობლებმა ყველაზე გვიან გავიგეთ. როგორც ამბობენ, იარაღი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი და არ არის დადგენილი, ნამდვილი იარაღი იყო თუ საბავშვო გასართობი," - აღნიშნა ადგილობრივმა ელდარ ფარჯანაძემ.
"არაფერი საეჭვო, ყველაფერი ნორმალურად არის. შესაძლოა ჭორებია. ვერაფერს გეტყვით. დაუჯერებელია თითქოს, იმიტომ რომ ყურადღების ქვეშ არის მთელი სადარბაზო და დაცულად ვგრძნობთ თავს," - განაცხადა ადგილობრივმა.
"მეგონა რომ ყველაზე დაცულ ეზოში ვცხოვრობდი და წარმოუდგენელია და არ არის სასიამოვნო," - აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვას გულისხმობს.