ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან ერთად დიალოგის მაგიდასთან დაჯდომას იქამდე არ აპირებენ, სანამ მმართველი გუნდი გარკვეულ ნაბიჯებს არ გადადგამს. ხელისუფლების ოპონენტები ორ პირობას ასახელებენ - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის შეცვლა.
"მმართველ გუნდი გააქტიურდა დიალოგზე საუბრის მიმართულებით იმიტომ, რომ მმართველ გუნდს ესმის, ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მათი მხრიდან დათმობა. თუმცა სამწუხაროდ ის ვერ გაითავისეს, რომ არ უნდა ილაპარაკონ ულტიმატუმის ენით. თალაკვაძეებმა და სხვებმა, ვინც ჩართულია ამ მოლაპარაკებებში, რეალურად უნდა დაარწმუნონ ივანიშვილი კონსესუსის და დათმობის მნიშვნელობაზე," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ხელისუფლებას საკუთარ დაპირებას ახსენებს და ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან იმ წინადადებით უნდა დაბრუნდეს, რომელიც საზოგადოებას "გავრილოვის ღამის" შედეგ დაპირდა.
"დიალოგი შეწყვიტეს მათ საზოგადოებასთან, როდესაც უთხრეს, რომ ფეხებზე გვკიდიხართო და რადგანაც ესეთი უტიფარი გზა ავირჩიეთ, მოდი დავიჭერთ იმ ხალხს, ვინც პოლიტიკურად გვაწუხებსო. დაიჭირეს იქამდე არა ერთი ფიგურა და მერე გიგი უგულავა. ახლა უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებებთან იმ წინადადებით, რაც რაც ივანიშვილმა უთხრა ხალხს გავრილოვის ღამის შემდეგ... თუ მოეგებიან გონს კი ბატონო, ჩვენც ეს გვინდა და მერე დამარცხდებიან არჩევნებში, თუ არ მოეგებიან გონს, იქნება ცუდი ქვეყნისთვის, მაინც დამარცხდებიან და თან ძალიან მწარედ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ფორმატი ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე შეწყდა, როდესაც მათ მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი ადამიანების დაჭერა დაიწყეს.
"ჩვენ თუ გვინდა, რომ სიტუაცია განმუხტვისკენ წავიდეს, უნდა ვიცოდეთ, პოლიტპატიმრები ციხეში არ უნდა გვყავდეს. საჭიროა ნდობა არსებობდეს მხარეებს შორის და მხარეები თავიანთ სიტყვას ასრულებდნენ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საარჩევნო სისტემის ცვლილების საკუთარი ვარიანტები აქვს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობას". პარტიის გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეს ვარიანტები უკვე შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ.