18 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი საცდელად კიდევ რამდენიმე ქვეყანაში შევა - მიიღებს თუ არა "რემდესივირს" საქართველო

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "გილეადი" კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილი პრეპარატის კლინიკურ ცდებს კიდევ აფართოებს. "რემდესევირს" კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩინეთის გარდა, სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებენ.  

"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, "რემდესივირის" ორი ახალი კლინიკური ცდა მარტში დაიწყება და აზიასა და სხვა რეგიონებში დაახლოებით 1000 პაციენტი მიიღებს მონაწილეობას.

"გილეადი" გავრცელებულ განცხადებაში არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებში შევა პრეპარატი. 

"რემდესივირი" უკვე გამოსცადეს ჩინეთში, კონკრეტულად კი უხანში, რომელიც ეპიდემიის ცენტრია. აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ პრეპარატს გამოცდიან პაციენტებზე, რომლებიც კორონავირუსით სხვა ქვეყნებში დაავადდნენ და მკურნალობას, ამჟამად, ნებრასკაში გადიან.

უხანში ჩატარებული ცდების შედეგები აპრილში იქნება. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში იმედი აქვთ, რომ "რემდესივირი" კორონავირუსთან საბრძოლველად ეფექტური იქნება.

რა მოლოდინი აქვთ პრეპარატთან დაკავშირებით საქართველოში და აღიარების შემთხვევაში იქნება თუ არა საშუალება, "რემდესივირი" ჩვენს ქვეყანაშიც შემოიტანონ, საკითხთან დაკავშირებით "რუსთავი 2" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. 

"საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, პრეპარატმა უნდა მოიპოვოს აღიარება იმისა, რომ ადამიანებში გამოყენებადი იყოს. 

ეს არის პირველი ეტაპი, ამის შემდეგ კი დაიწყება აღნიშნული პრეპარატის წარმოება. სწორედ  ამ ყველაფრის შემდეგ დადგება პრეპარატის შესყიდვისა და ქვეყანაში შემოტანის საკითხი. თუკი ეს წამალი გაჩნდება, დადგება რიგები რეგისტრაციასა და მის შესყიდვაზე," - განაცხადა გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა. 

 

ავტორი : სოფო ფერაძე

დღის ამბები