ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ღამის ორ საათამდე გაგრძელდა. თითქმის რვასაათიანი კონსულტაციების მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იყო, თუმცა დიპლომატიური კორპუსის თხოვნით, აუდიენციის მონაწილეები მედიასთან არ საუბრობენ, რა კონკრეტულ მოდელზე მიმდინარეობს მსჯელობა. კონსენსუსი მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში უნდა შედგეს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიცია მოწადინებულია სიტუაციის განმუხტვისთვის, თუმცა ამისთვის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გონივრული კომპრომისის საფუძველზე მიიღოს ახალი საარჩევნო სისტემა:
"ყველამ იცის, როგორია ჩვენი პოზიცია, განმუხტვას სჭირდება 2 რამ. ერთი არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, მეორე არის - გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნიშნავს. თუ ეს მოხდება, მე ვთვლი, რომ მთელი ოპოზიცია არის მოწადინებული, რომ განიმუხტოს ვითარება და არის ძალიან მოქნილი, იმდენი წინადადება დადო მაგიდაზე ამისთვის, ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს, თუ გვექნება აუცილებლად გაგაგებინებთ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ
დროის სიმცირეზე აკეთებს აქცენტს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე
"ქართულმა ოცნებამ" პირველი ნაბიჯი გადადგა იქით, რომ მოხსნა ეს თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც, ასე თუ ისე, შეიძლება, სადღაც თეორიულად ოპოზიციისთვის იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამისთვის დრო თუ არა, არ ვიცით. არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის, არაფორმალური შეხვედრები გაგრძელდება თუ არა, ვერ გეტყვით," - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ცოტ-ცოტა დათმობა ყველა მხრიდან არის საჭირო:
"არის იმედი იმისა, რომ უახლოეს 2 დღეში შეთანხმება იქნეს მიღწეული, ამისთვის მეც და ძალიან ბევრიც, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ვაკეთებთ ყველაფერს. თუმცა, არის ობიექტური წინააღმდეგობები, იმიტომ რომ ბოლო 10 დღემდე ხელისუფლების მხრიდან მაინც და მაინც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა. ახლა ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ცოტ-ცოტა დათმობა ყველას მხრიდან არის საჭირო," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ პროპორციულობა რაც შეიძლება მეტი იყოს:
"ამაზე შეთანხმება არის, რომ 40% თუ ვერ აიღებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, მან მთავრობის დაკომპლექტება ვერ უნდა შეძლოს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ თემა. ჩვენ ძალიან კარგად ავხსენით და მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს პროპორციულობა, ეს არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, რომელია ის ოპტიმალური ვარიანტი, რომელზეც ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ჯერ არ არის ის კონდიცია, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჩაინიშნოს:
"სულ არის დარჩენილი მაქსიმუმ ერთი კვირა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება თეორიულად მაინც განხორციელდეს ამ კონსტიტუციაში, ამ ერთი კვირის მანძილზე ყველაფერს ვნახავთ,მე პირადად ვემზადები იმისთვის, რომ რომც იყოს დღევანდელი საარჩევნო სისტემა, ამ საარჩევნო სისტემაშიც ოპოზიციამ მოიპოვოს გამარჯვება," - აღნიშნა ვაშაძე.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში თავს არიდებს კონკრეტულ რიცხვებზე საუბარს, თუმცა აცხადებს, რომ მეტად პროპორციულისკენ ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ვიდრე ეს არის დღევანდელი მოდელი ან 100/50:
"გაჟღერდა აღნიშნულ წინადადებებზე საპასუხო პოზიციები და მსჯელობა სწორედ წავიდა ამ ვერსიებთან დაკავშირებით. მე მინდა პატივი ვცე მოლაპარაკების შეთანხმებას და კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით პოზიციებს, თუმცა უფრო მეტად პროპორციულისკენ ნაბიჯი უკვე არის გადადგმული, ვიდრე დღევანდელი მოდელი და ვიდრე 100/50-ზე," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.