ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდებიან იმაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიამ მთავრობა ვერ უნდა დააკომპლექტოს. გამართული არაფორმალური შეხვედრების შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღარ რჩება საფუძველი იმისა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს და თუ შეთანხმება მაინც ვერ შედგა, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.
"შემდეგ დიალოგზე, როდესაც ოპოზიცია და მმართველი ძალა შეხვდება ერთმანეთს ის ვინც უარს განაცხადებს შეთანხმებაზე და ჩაშლის დიალოგს ან არ დაეთანხმება საბოლოო წესებზე პოლიტიკურ თანხმობას, რა თქმა უნდა მას მოუწევს საზოგადოებას აუხსნას თუ რა იყო მისი რეალური მოტივაცია. მე ვფიქრობ ამ რამდენიმე შეხვედრით ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ შესაძლებლობა,"- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, თუ პროპორციულობის ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა ვერ დაიძლია, ეს შეიძლება დაბალანსდეს კონკრეტული დათქმებით და ჩანაწერებით საარჩევნო სისტემაში.
"იდეები, რომლებიც გავაჟღერეთ შეხვედრაზე, იძლევა იმის საშუალებას, რომ მაგალითად გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი საქართველოს პარლამენტში რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. საუბარი შესაბამისად ერთადერთი დარჩა ის, რომ თუ ვინმეს უნდა საბაბის მოძებნა, საბაბის მოძებნა ყოველთვის შეიძლება. არგუმენტები ამ იდეების წინააღმდეგ შეუძლებელია, რომ მოიძებნოს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ