ოპოზიცია შიდა კონსულტაციებისთვის ემზადება. წინასწარი ინფორმაცით, მთავარი თემა ბოლო შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი ვარიანტების განხილვა და დიალოგის მეხუთე რაუნდია.
ბოლო არაფორმალური შეხვედრების შემდეგ გამოიკვეთა, რომ საარჩევნო მოდელი 110/40-ზე ხელისუფლებისთვის მისაღებ კომპრომისად რჩება, ოპოზიცია კი უფრო მეტად 130/20-ზე მოდელს ემხრობა.
ოპოზიციის წევრების განცხადებით, მთავარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისეთი საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, რომელიც პროპორციული ან პროპორციულთან მიახლოებული იქნება.
"110/40 ისევე, როგორც 100/50-ზე არ უზრუნველყოფს იმ მთავარ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, ანუ ეფექტურად პროპორციული შედეგის დადგომას. მარტივი არითმეტიკაა, თუ დავთვლით 40 პროცენტს 110-ისას და შემდეგ დავამატებთ დიდ ნაწილს მაჟორიტარებისას, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ შესაძლებელია 35 პროცენტით ან უფრო ნაკლებით შექმნას რომელიღაც პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად მთავრობა.
ჩვენ მზად ვართ, დღეს არსებული სისტემის ფარგლებში დავამარცხოთ "ქართული ოცნების" ხელისუფლება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
"ქართული ოცნება" უკან იხევს იმიტომ, რომ არის უმძიმეს ვითარებაში და არ გაუვიდა ეს მსოფლიო თაღლითობა. მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ცალკე აღებულ 110/40-ზე ჩვენ ვერ დავთანხმდებით იმიტომ, რომ ვერ მოვატყუებთ ხალხს, რომ ეს არის პროპორციულისკენ გადადგმული ნაბიჯები. ვერ დავთანხმდებით იმიტომ, რომ ჩვენთვის სკამებითა და თითო ადგილით ვაჭრობას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარია ის მისწრაფება, რაც ჩვენ გვქონდა საპროტესტო ტალღის დაწყებიდან," - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.