"ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, ერთად დავძლიოთ ეს პრობლემა და არ გავაღვივოთ მეტი პანიკა," - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც ინფექციური საავადმყოფოს მიერ მედიისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მედიასაშუალებებმა ინფორმაცია სწორად უნდა გაავრცელონ და ამით ხელი შეუწყონ საზოგადოებაში პანიკის გაღვივებას.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში პროფესიონალები მუშაობენ, თუმცა ახლა მთელ მსოფლიოში ექსტრემალური სიტუაციაა.
"ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ამ დროსაც და ზოგადადაც, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული დაწესებულება საქართველოში. მათ აქვთ ყველაზე დიდი გამოცდილება ინფექციების კლინიკური მართვის. არამარტო ამ ინფექციის, რომელიც კლინიკურად შედარებით მსუბუქია ჯერჯერობით, არამედ საკმაოდ მძიმე ინფექციების, როგორიც არის ციმბირის წყლული, ტულარემია და ბევრი განსაკუთრებით საშიში ინფექცია. იქ მუშაობენ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი ადამიანები.
ამ პერიოდში, როდესაც გარკვეული დაძაბულობა არის მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. არ უნდა შევქმნათ ფეთქებადი სიტუაციები. ჩვენ ყველა, სამედიცინო ქსელი თქვენთან ერთად იმაზე ვართ ორიენტირებული, რომ მოსახლეობას ხელი შევუწყოთ თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელება და სწრაფად ვუმკურნალოთ. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებისადმი. ჩვენ უნდა დავზოგოთ საზოგადოება. ჩვენ, ექიმები, როდესაც ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ იქ არის პუნქტები, ჩვენ რა შეგვიძლია ვილაპარაკოთ სახალხოდ და რა არა. მოგეხსენებათ - "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".
ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ. მე არ ვიცი იქ რა იყო სწორი და რა არა. ამის განსჯას მე ახლა არ ვაპირებ, მაგრამ ამ ტიპის ინფორმაციის ამ სახით მიწოდება საზოგადოებისადმი მხოლოდ ავნებს საზოგადოებას. თქვენ შეგეძლოთ მიბრძანებულიყავით სამინისტროში ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, გეჩვენებინათ ეს კადრები და გეთქვათ, აი ბატონებო ეს არის და სწრაფად უნდა გამოსწორდეს. ამ ქვეყანაში და ჯანდაცვის სისტემაში რამდენი ნაკლი გვაქვს ჩვენ, შეიძლება იმ არხმა, რომელმაც ეს გააკეთა, ჩემზე უკეთესად არ იცოდეს. მაგრამ ჩვენ დღეს ყველა ერთმანეთისადმი სოლიდარული უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და ერთად დავძლიოთ ეს პრობლემა და არ გავაღვივოთ მეტი პანიკა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.