18 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
რა სისტემით ჩატარდება 2020 არჩევნები - საარჩევნო ცვლილებების ინიცირებისთვის დრო 9 მარტამდე რჩება

ვადის ამოწურვამდე 9 დღით ადრე მმართველი გუნდი მოლაპარაკების ფორმალურ და არაფორმალურ მაგიდაზე სავარაუდოდ ბოლო საარჩევნო შეთავაზებას დებს.

ხელისუფლების განმარტებით, მათი პროექტი ოპოზიციის მთავარ პრინციპულ საკითხს ითვალისწინებს. ეს არის 40 პროცენტიანი მინიმალური ზღვარი, რომელსაც ე.წ. ჩამკეტის ფუნქცია ექნება. "ქართული ოცნება" თანახმაა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდეს - თუ პარტია 40 ან 40 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მას არ ექნება შესაძლებლობა მთვარობა ერთპარტიულად დააკომპლექტოს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია.

ოპოზიცია უმრავლესობის შეთავაზებას საკუთარ პირობებს ახვედრებს. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის მხოლოდ 40 პროცენტიანი ქვედა ზღვარი საკმარისი არ არის. ოპოზიციისთვის კონსენსუსი მრავალი კომპონენტის შესახებ შეთანხმებაზე გადის, მათ შორის ერთ-ერთი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაა.

ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს უმრავლესობა. მმართველ გუნდში შეთავაზებაზე, რომელსაც თავად "ქართული ოცნება"​ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულსა და სამართლიან სისტემად აფასებს, შემხვედრ ნაბიჯს ოპოზიციისგან ელოდებიან. ხელისუფლება შეთანხმების რესურსს ხედავს. ჩაშლის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს.

130/20-ზე ეს ის თანაფარდობაა, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ლობირებს. დღეს მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილმა ახალი პროპორციაც გაახმოვანა  - 125/25 ზე, როგორც 40 პროცენტიანი ქვედა ზღვარის უზრუნველყოფის არითმეტიკული გარანტია.

უმრავლესობაში კონკრეტულ პროპორციებზე დღეს არ უსაუბრიათ, თუმცა განმარტეს, რომ მაჟორიტარული ოლქების ოპტიმალურად გადასანაწილებლად, მინიმუმ 40 მაჟორიტარია საჭირო.

რა სისტემით ჩატარდება 2020-ში საპარლამენტო არჩევნები - ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, შეთანხმდებიან თუ არა დიალოგის მხარეები. საარჩევნო ცვლილებების ინიცირებისთვის კი, დრო 9 მარტამდე რჩება.

მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში პარლამენტი მოქმედი სისტემით დაკომპლექტდება.

დღის ამბები