18 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ოპოზიცია აცხადებს, რომ პოლიტპატმრების გათავისუფლების გარეშე "ოცნებასთან" შეთანხმება ვერ შედგება 

ოპოზიციისთვის მმართველი გუნდის შეთავაზება 40 %-იან ბარიერთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის.

"ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდება, პარლამენტში მანდატების გადანაწილების 125/25 პრინციპია. 

"125/25 არის ქვედა ზღვარი, რომლის განხილვაც არის შესაძლებელი ოპოზიციის მხრიდან. ჩვენთვის სხვა ყველა თანაფარდობა პროპორციულსა და მაჟორიტარულ ნაწილს შორის ნიშნავს სისტემის არშეცვლას. "ქართულმა ოცნებამ"  სასამართლო აქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირ თუ დედა არ შეაგინე, ისე ვერ ხვდება, რომ მას რას სთხოვენ,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ოპოზიციის წევრებზე რეპრესიების შეჩერების გარეშე ხელისუფლების არცერთი წინადადება ოპოზიციისთვის მისაღები არ იქნება. 

"ეს იდეა ტოვებს სამართლებრივ ხვრელებს, რის გამოც ის ჩვენთვის არ არის მისაღები და აქვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი შეთანხმება ასევე უნდა ეხებოდეს პოლიტიკური დევნის შეჩერებას, ისევე, როგორც არსებული პოლიტპატიმრების გამოშვებას. ეს არის კომპონენტი, რის გარეშეც ჩვენთვის შეთანხმება ვერ და არ იარსებებს,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს ოპოზიციური პარტიები შეიკრიბებიან და ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ. 

"მე ვერაფერი ახალი ვერ მოვისმინე, გუშინდელ განცხადებაში და ნამდვილად არ ვაპირებ არც ხალხი მოვატყუო და ტყუილით წარვდგე ვინმეს წინაშე. აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმებით ამ ზოგად ინიციატივებს, მით უმეტეს, რომ ჯიუტად აცხადებენ, რომ პოლიტიკურ პატიმრებზე არაფერს აპირებენ. დღეს ჩვენ გვაქვს ოპოზიციური პარტიების შეკრება, ვიმსჯელებთ სამოქმედო გეგმაზე,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები