18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
აზრთა სხვადასხვაობა პოლიტპატიმრების თემაზე - მიაღწევს თუ არა ოპოზიცია შეთანხმებას ხელისუფლებასთან კონსესუსის საკითხში

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ რა პრინციპით უნდა გადანაწილდეს მანდატები პარლამენტში, ისევ უშედეგოა. მოლაპარაკებების ვადის ამოწურვამდე ოპოზიცია ხელისუფლებისთვის კიდევ ერთ შეთავაზებას ამზადებს. 130-20 ზე - ეს არის ახალი ინიციატივა, რომელზეც გაერთიანებული ოპოზიცია დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების საკითხი ის თემაა, რომელსაც ოპოზიცია საარჩევნო სისტემის  პროპორციულობასთან ერთად აქტიურად აყენებდა. დღეს ამ საკითხთან მიმართებაში ოპოზიციურ პარტიებში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პროპორციულობის პრინციპს დასთანხმდება, შეთანხმების მიღწევა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშეც შესაძლებელი იქნება.

"თუკი "ქართული ოცნება" დაეთანხმება პროპორციულობის პრინციპს, პრინციპს, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო წარმომადგენლობის პროპორციულობას, უზრუნველყოფს იმას, რომ ცოტა ხმებით არ შეეძლოს უმრავლესობის ჩამოყალიბება არცერთ პარტიას (ადრე ბაქი-ბუქობდნენ, რომ 60-70%-ს ავიღებთო და ა.შ.), მაშინ პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან, რომ ოპოზიცია დათანხმდეს ამ პრინციპს,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრება აქვს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თინა ბოკუჩავას. მისთვის გაუგებარია, რატომ შეექმნა "ქართულ ოცნებას" იმის ილუზია, რომ ოპოზიციასთან კონსესუსი პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე შესაძლებელი იქნება. მისი თქმით, თუ არ შეწყდება პოლიტიკური დევნა და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არცერთ შემთხვევაში არ შედგება. 

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება უკან იხევს, თუმცა ოპოზიცია "ადგილებით ვაჭრობას" არ აპირებს. მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში პროპორციული წესით დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, დამატებით დეტალებზს კი დღეს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავენ. 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია კონსესუსის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ორივე მხარე მიმდინარე კვირას ამ პროცესის კონკრეტულ შედეგამდე მისაყვანად გამოიყენებს. 

"საპასუხისმგებლოა, რომ ეს პროცესი ჩვენი მხრიდანაც იყოს დანახული. ამდენად, სადაც კი შესაძლებელია, რომ გადაიდგას ნაბიჯი კონსესუსისკენ, უნდა გადაიდგას. სადაც შეუძლებელია, იქ იქნებ ეს კვირა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, რომ დასრულდეს საბოლოოდ შეთანხმება. მე მაინც იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს პროცესი გამოიღებს გარკვეულ შედეგს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები