18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეკომენდაციები გასცა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ რაიმე გართულება არ აღენიშნებათ. მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 120 ადამიანი იმყოფება.

უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც მათ შორის გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას. აღნიშნული ასევე მოიცავს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების  დროებით გადადებასაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სახელმწიფო სერვისებს, ასევე - "საქართველოს რკინიგზა" მატარებლებსა და სადგურებში.

როგორც ცნობილია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის დაანგარიშებაზე, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ სხდომაზე წარუდგენს.

ამასთან, სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მეზობელ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს ირანიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეების ჩვენს ქვეყანაში შემოყვანისთვის, რომლებიც ამ დროისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფებიან. მათი ტრანსპორტირება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდება. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან. გუბერნატორები კი, თავის მხრივ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

დღის ამბები