18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
კეთილი ინებონ და საზოგადოებას დეტალურად მოუყვნენ თავისი წინადადების შესახებ - გრიგოლ ვაშაძე უმრავლესობის შეთავაზებაზე

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ კონსულტაციებისთვის კიდევ ერთხელ შეიკრიბა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები, თუ რა პრინციპით უნდა გადანაწილდეს მანდატები პარლამენტში, ისევ უშედეგოა. 

ოპოზიციონერ ლიდერებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა რაიმე კონკრეტული სიახლის შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა. მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გუშინ გააჟღერა, რომელიც გულისხმობს, პროპორციის ცვლილების ნაცვლად ალტერნატიულ ვარიანტს ე.წ. ჩამკეტით, რომელიც უმრავლესობის შეფასებით, არჩევნებზე იგივე შედეგს დადებს, რასაც პროპორციული სისტემა.  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გამართოს ბრიფინგი, სადაც საზოგადოებას ახალი წინადადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. 

"სანამ ჩვენ ამის განხილვას დავიწყებთ, კეთილი ინებონ, რადგან ბრიფინგი ქონდათ პირველი, მეორე ბრიფინგიც გააკეთონ და საზოგადოებას დეტალურად მოუყვნენ თავისი წინადადების შესახებ. სანამ ეს არ იქნება, არაფერი არ არის შეთავაზებული," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრი "ქართული ოცნების" შეთავაზებას ელოდება. 

"რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს მაჟორიტარული წარმომადგენლობა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მაჟორიტარული ოლქების დალაგების საკითხი. ერთმანეთის მოტყუების მცდელობა არ უნდა იყოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაწერილი უნდა ვნახოთ კანონპროექტი, რა არის, რა დეტალებს გულისხმობს და ამ კანონპროექტის ნახვის შემდეგ შეიძლება უკვე საბოლოოდ მოსაზრების გამოთქმა. ასე, რომ ველოდებით კონკრეტულ კანონპროექტს "ქართული ოცნების" მხრიდან," - განმარტა ნინო ბურჯანაძემ.

 

დღის ამბები