18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
პრეზიდენტი პარლამენტში - სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ მოხსენებას ისევ ნახევრად ცარიელ დარბაზში წაიკითხავს

სალომე ზურაბიშვილი მოხსენებას პარლამენტში ისევ ნახევრად ცარიელ დარბაზში წაიკითხავს. თუკი გასულ წელს საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტს მხოლოდ პროტესტის ნიშნად არ მოუსმინა, წელს ამას მათი ბოიკოტის რეჟიმიც განსაზღვრავს.

ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო იგნორირება ზურაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე ყველაზე ადეკვატური რეაქციაა. ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს დისკომფორტი შენობის გარედან, აქციით შეუქმნას.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსგან" განსხვავებით, პრეზიდენტის წლიურ ანგარიშზე დასწრებას გეგმავენ დამოუკიდებელი დეპუტატები. მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს აინტერესებთ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებები საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, საარჩევნო დიალოგზე. თუ როგორ ხედავს საკუთარ როლს პრეზიდენტი განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ითვალისწინებს და წინასწარ მოხსენების შინაარსიც არ იციან, დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას ზურაბიშვილთან კითხვები მაინც ექნება.

რეგლამენტის შესაბამისად, ფრაქციების თავმჯდომარეების გარდა პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით მოსაზრებები უნდა დააფიქსიროს უმრავლესობის ლიდერმაც, რომელიც ზურაბიშვილის მხრიდან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებს აანონსებს, მათ შორის, საარჩევნო დიალოგთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკულები იქნებიან.

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მიმართულებებსა და კონკრეტულ საკითხებს ადმინისტრაცია წინასწარ არ ამხელს, თუმცა როგორც კონსტიტუციითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული, ის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება.

პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, დღის ორ საათზე, დაიწყება.

დღის ამბები