ერთობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ქვეყანამ დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შეკრავს საზოგადოებას და შესაბამისად, სახელმწიფოს - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს გააკეთა.
ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.
"მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი, თუ არ ვიქნებით თავდაჯერებულები და არ გვექნება საკუთარი თავის რწმენა, ანუ ეროვნული იდეოლოგია - სიტყვა, რომელიც დაგვავიწყეს და რომელიც მყარ ნიადაგზე, წარსულის საფუძველზე მომავლის აშენებას ნიშნავს. სწორად გააზრებული, გაცნობიერებული ისტორია ედება საფუძვლად ერის მომავალს.
ერთობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ქვეყანამ დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შეკრავს საზოგადოებას და შესაბამისად, სახელმწიფოს. ამ იდენტობასა და ღირებულებებზე დგას ქართული ჯარი. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით - როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახლახან, 25 თებერვალს, ოკუპაციის დღეს, მოვინახულე ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სკოლა. იქ დამხვდა სულისკვეთება, რომლითაც უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა და იკვებებოდეს საზოგადოება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.