18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა არ შეწყდეს დიალოგი - ზურაბიშვილი

ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და საკუთრივ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი წინადადება, საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ ძალაშია, რათა დიალოგი არ შეწყდეს. მისი თქმით, "დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია". 

"კონსტიტუციით დადგენილი ჩემი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას; არცერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას. არა იმიტომ, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია, არა იმიტომ რომ ვინმესი მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს პრეზიდენტის პოლიტიკურ როლს ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დამშვიდების ხელშეწყობაში. ამ მიზნით საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, - რათა არ შეწყდეს დიალოგი. თუ ამის საჭიროება დადგება, ეს წინადადება ძალაშია. დღეს იმედიანად ვარ, რამეთუ ბოლო დღეებში პოლიტიკური შეთანხმებისკენ ნაბიჯები იდგმება. თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამ დროს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და საკუთრივ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კორექტული თამაშის წესები, რაც გულისხმობს ინსტიტუტების პატივისცემას და პირადი შეურაცხყოფისგან თავშეკავებას," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები