ოპოზიცია პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას არ ესწრება. დეპუტატები ზურაბიშვილის განცხადებებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანა საკუთარი გამოსვლებით არაერთხელ დააზიანა.
"პოლიტიკური ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, რომლის იქ ყოფნაც ამ ინსტიტუტის შეურაცხყოფაა, არ არის ჩვენთვის საინტერესო.
ჩვენი სურვილია, პრეზიდენტმა ახალი სისულელეები არ თქვას და ქვეყანა კიდევ ერთხელ არ დააზარალოს. მასთან ჩვენ სერიოზული შეკითხვები არ გვაქვს, რადგან ის ჩვეულებრივი ბუტაფორიაა, ეს ადგილი მას ივანიშვილმა უყიდა და ეს ბოიკოტი ჩვენი მათდამი დამოკიდებულებაა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.
რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზეც საუბრობს.
"ბოიკოტი გამოხატავს ჩვენსა და ამომრჩევლის დამოკიდებულებას პრეზიდენტისადმი, ვინაიდან ის მხოლოდ ფორმალური ადამიანია. მან უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ ქმედებებზე, მათ შორის დანაშაულებრივზე - შეწყალებასთან დაკავშირებით. მან უნდა თქვას აპირებს თუ არა, დეკანოზ მამალაძის შეწყალებას. აპირებს თუ არა, გამოიჩინოს გამბედაობა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
ბოიკოტის რეჟიმს სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად, ირმა ინაშვილიც უერთდება.
"ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, სახეზეა პოლიტიკური კრიზისი თუმცა ამას ხელისუფლება არ აღიარებს. ამასთან არის სოციალური კრიზისი და უმძიმესი ვითარება. შეკითხვები ყველა მიმართულებით ძალიან ბევრია, მაგრამ სანამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი არ გადაწყდება, ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრმა, ირმა ინაშვილმა.