18 ნოემბერი 2024,   10:00
ვრცლად
ქალბატონი სალომეს განსახილველი არ არის ევროკავშირის პრობლემები - რომან გოცირიძე პრეზიდენტის მოხსენებაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით მოხსენება, რომლითაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წარდგა იყო "წყალწყალა" და "ფორმალური."

გოცირიძის თქმით, პრეზიდენტი არ შეხებია არცერთ მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხს, ხოლო ევროკავშირთან დაკავშირებით მისი განცხადებები "ცუდი და დამაფიქრებელია."

"მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო წყალწყალა გამოსვლა, რომელიც არ ჰგავდა პრეზიდენტის გამოსვლას. ილაპარაკა ყველაფერზე, ფეხბურთზე - ბელარუსს რომ შევხვდებით, "შტანგისტებზე," ღვინოზე და არცერთი სერიოზული საკითხი არ დაუსვამს, მათ შორის, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, მისი გამომწვევი მიზეზები და ამაში თვითონაა დამნაშავე. როდესაც მან დაინახა ცარიელი სკამები და გული დაწყდა, რომ ოპოზიცია არ ესწრებოდა, უნდა შევახსენოთ ქალბატონ სალომეს, რომ როდესაც ის გამოვიდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, გაეროს ტრიბუნიდან და განაცხადა, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და სწორედ იმ დიდი ტყუილის გამო, რომელიც ივანიშვილმა ათქმევინა ამ მაღალი ტრიბუნიდან, არის ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში.

მან, ასევე, ცუდი და დამაფიქრებელი განცხადებები გააკეთა ევროკავშირთან დაკავშირებით. პირველივე მისი გამოსვლა იყო ის, რომ თურმე ევროკავშირი ინგრევა, რომ მოხდა ბრექსითი, გავიდა დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირში ახალი ცხოვრება იწყება. ქალბატონი სალომეს განსახილველი არ არის ევროკავშირის პრობლემები, ევროსკეპტიკური განცხადება იყო. დღეს მოვუწოდე მას, რომ არ მოიქცეს ისე, როგორც წინა გამოსვლებისას და ნუ ახსენებს ჩრდილოელ მეზობლებს. როდესაც რუსეთის ნაცვლად მორცხვად ამბობენ "ჩრდილოელი მეზობელი", თქვი რა რუსეთი. დღეს ახსენა, რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებსო. რომ აგრძელებს, ამას ქვეყნის პრეზიდენტი კი არა ნებისმიერი რუსი პოლიტიკოსი იტყვის. უნდა ეთქვა, თუ რა ხდება, როგორ ხდება საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, ადამიანების მკვლელობები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გატაცება, როგორი პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა უნდა განიხილოს პრეზიდენტმა. ეს იყო აბსოლუტურად ფორმალური შეხვედრა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები