18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
კომპრომისი 100%-ით ყველას დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება, მაგრამ პოზიტიური იქნება საქართველოსთვის - დიპლომატები დიალოგზე

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეჩერებულ დიალოგს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება, რაც საქართველოს დემოკრატიას სწორი მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება:

"ეს საქართველოს დემოკრატიას სწორი მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება, სწორედ ამიტომ ვრჩებით პროცესებში ასე ჩართულები და ვმუშაობთ, რომ ფანჯრები არ დაიკეტოს, დეტალებში ვერ შევალ მაგრამ იმედია მხარეები შეთანხმდებიან," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს თქმით, კომპრომისი ყველა პოლიტიკური ძალისთვის 100%-ით დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება, თუმცა პოზიტიური იქნება საქართველოსთვის:

"განვაგრძობთ განხილვებისა და დისკუსიების ხელშეწყობას, რათა კონტაქტი სხვადასხვა ფორმატის საშუალებით შედგეს, ვცდილობთ შედეგს მივაღწიოთ, რაც შეეხება კომპრომისზე წასვლას, კომპრომისი ვერ იქნება 100%-ით ყველას დამაკმაყოფილებელი, მაგრამ პოზიტიური იქნება საქართველოსთვის," - აღნიშნა კრისტიან ურსემ.

ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიალოგს და იმედს გამოთქვამს, რომ კომპრომისი შედგება:

"მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია და მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ ერთმანეთთან, რაც მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. სულ ვამბობ, რომ ევროკავშირში განხილვის გზით ხდება გამოსავლის პოვნა, იმედია მხარეები კომპრომისზე წავლენ, ეს ჩემთვის პოზიტიური და დიდი მიღწევა იქნება," - განაცხადა არად ბენკომ.

დღის ამბები