კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება დაამტკიცა და საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტში ბავშვების დაცვის მიზნით, განისაზღვრა ვალდებულებები, როგორც ინტერნეტპროვაიდერი კომპანიების, ისე ვებგვერდების მფლობელი კომპანიების მიმართ.
ვალდებულების მიხედვით, ინტერნეტპროვაიდერმა კომპანიებმა, საკუთარ ვებგვერდებს ასაკობრივი ნიშანდება უნდა მიანიჭონ, მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში კი შეზღუდონ წვდომა იმ საიტებზე, რომლებიც ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
დებულება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უკვე დაამტკიცა და გადაწყვეტილება ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს ამოქმედდება.
მშობლების ნაწილი შეზღუდვების დაწესებას ემხრობა, თუმცა ფიქრობენ, რომ მთავარი არასრულწლოვანის კონტროლია. 12 წლის მოზარდის დედა "კურიერთან" ჰყვება, რომ სამსახურის გამო ხშირად არ იცის, რა სახის ინფორმაციას იღებს მისი შვილი ინტერნეტიდან, ან - არის თუ არა დაცული მისი პირადი მონაცემები, ამიტომ პრობლემის გადაჭრისთვის, მშობელი მიიჩნევს, რომ შეზღუდვები მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს.
ასრულებენ თუ არა ვალდებულებებს კომპანიები, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს. იმ შემთხევაში, თუ დაფიქსირდება წესების დარღვევა, სამართალდამრღვევს დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი.