ნიშნავს თუ არა გიგი უგულავას მოწოდება იმას, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტპატიმრების საკითხის გამო მოლაპარაკებაზე უარი არ უნდა თქვას? - "ევროპული საქართველოს" პატიმრობაში მყოფი ლიდერის გზავნილს უკვე მოჰყვა შეფასებები.
"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განმარტებით, ოპოზიცია აფასებს უგულავას ამ გზავნილებს, თუმცა ეს წერილი დღის წესრიგიდან არ ხსნის მათ მთავარ მოთხოვნებს.
კაპანაძის მტკიცებით, ამ წერილმა მეტად განამტკიცა მათი პრინციპული პოზიცია პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
"ეს არის მოწოდება იმისკენ, რომ თუ იქნება არსებითად პროპორციული სისტემა შემოთავაზებული, ამას ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს. ამას ჩვენ ვაფასებთ.
იცით, რომ ჩვენ გავაჟღერეთ, რომ თუ იქნება 130/20-ზე შეთავაზებული, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით. ეს დაადასტურეს ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც არიან ციხეში. მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ასე პოლიტპატიმრების ბედით ვაჭრობას გააგრძელებს, რისი იმედიც მას აქვს და დაითანხმებს ვინმეს არსებითად არაპროპორციულ სისტემაზე, როგორც ახლა არის შემოთავაზებული, ეს მას ნამდვილად არ გამოუვა," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თანამოაზრეებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართა. გიგი უგულავა წერილში ოპოზიციის ერთობის შენარჩუნებაზე ამახვილებს ყურადღებას.
გიგი უგულავას მსგავსად საპატიმროდან წერილი გაავრცელა მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამაც. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წევრები რურუსაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ.