18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებამ დაინახოს რა დღეში ჩააგდეს ჩემი ძმა - თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განსახილველად პროცესი საქალაქო სასამართლოს ნაცვლად დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარეობს.

პატიმარი დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, თუ მოსამართლე ობიექტური და დამოუკიდებელი იქნება, ის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით EMC-ის მიერ მომზადებულ შუამდგომლობას გაიზიარებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, დეკანოზის დიაგნოზი დისოციაციური მოტორული აშლილობაა, რომლის მართვის საშუალებაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია.

"ფაქტი ის არის, რომ ხელისუფლებას არ სურს გამოჩნდეს და საზოგადოებამ დაინახოს, რა დღეში ჩააგდეს ჩემი ძმა. მოსამართლე ლილი მსხილაძე თუ იქნება ობიექტური და დამოუკიდებელი, ვფიქრობ, რომ სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს, რადგან თითოეული მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს წარედგინა, ორივე მხრიდან მიანიშნებს ერთ რამეზე - ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და მისი გამოჯანმრთელება იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება, ვერ მოხერხდება," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.  

დღის ამბები