18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
ოკუპაციის "თავისუფლების ინდექსი" - Freedom House მოსკოვის მიერ მიტაცებულ რეგიონებში არსებულ განუკითხაობაზე მიუთითებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ახალი პუბლიკაციის ("თავისუფლება მსოფლიოში 2020") თანახმად, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთ  არათავისუფალ ადგილად რჩება ჩინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად.

ე.წ "სამხრეთ ოსეთის" რეიტინგი შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა და შესაძლებელი 100-დან მხოლოდ 10 ქულა დააგროვა. აფხაზეთს ამავე რეიტინგით 40 ქულა აქვს, საქართველოს კი 61.

მართალია, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმოხილვები ცალკეა გამოყოფილი, თუმცა მითითებულია, რომ საუბარია "ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო".

ფრიდომ ჰაუსის პუბლიკაციაში "თავისუფლება მსოფლიოში 2020" ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა თავისუფლების დონე ვერც სამოქალაქო და ვერც პოლიტიკურ უფლებებში ვერ დააკმაყოფილა. შედარებით უკეთესია მოსკოვის მიერ მიტაცებული მეორე რეგიონის აფხაზეთის მდგომარეობა - ნახევრად თავისუფალი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ განუკითხაობასა და თავისუფლების არარსებობაზე Freedom House-ის ​ პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე ჰქონდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში. არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე წლებია ცდილობს, განსაკუთრებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს. თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ეთნიკური ქართველების დევნა, ხელოვნურად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი და ადამიანის გატაცებები ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც რეგიონი Freedom House-ის პუბლიკაციაში მოხვდა. მიქელაძემ ადამიანთა დევნის კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.

საერთაშორისო ორგანიზაციას ჯერ სრული ანგარიში არ გამოუქვეყნებია, თუმცა თბილისში ამბობენ, რომ ის ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით პუბლიკაციისგან განსხვავებული ვერ იქნება, რადგან მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ისევ გრძელდება არეულობა, ადამიანთა გატაცება და ჰუმანიტარული კრიზისი. სახელმწიფო მინისტრს, რომელსაც პირდაპირ ეხება ორივე ოკუპირებული რეგიონი, უკვირს თუ რატომ აქვს Freedom House-ს ​ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გამოყოფილი, რადგან ორგანიზაცია ამ რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში აღიარებს.

ოკუპირებული რეგიონებიდან აფხაზეთის შეფასების ინდექსს -"ნახევრად თავისუფალს" არ ეთანხმებიან ოპოზიციაში და ამბობენ, რომ მოსკოვის მიერ მართულ სოხუმს და ცხინვალს თავისუფლება არ გააჩნია. "ევროპულ საქართველოში" და "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა იმისთვის, რომ უკონტროლო ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები არ დაირღვეს, საერთაშორისო პოლიტიკური ბერკეტები უნდა გამოიყენოს.

Freedom House-ის ​ სრული ანგარიში მათ შორის საქართველოზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. უკვე ცნობილია, რომ წლევანდელ ანგარიშში ოკუპირებულ რეგიონებთან ერთად, ორი მაჩვენებლით შემცირდა საქართველოს რეიტინგიც.

დღის ამბები