18 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
მაია ცქიტიშვილს ბრალი მიუძღვის ანაკლიის პროექტის ჩაძირვაში - ოპოზიცია "მინისტრის საათში" მონაწილეობას არ აპირებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ელოდებიან. მინისტრი უწყების მიერ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაწეული სამუშაოსა და გეგმების შესახებ ისაუბრებს. ამას გარდა, მას ანაკლიის პორტის შესახებ დასმულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, სწორედ ანაკლიის პროექტი, კომპანია "ფრონტერას" საქმე და თვითმმართველობის რეფორმა იქნება ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც მინისტრთან კითხვები ექნება.

"მთავრობის ვერც ერთმა წევრმა ვერ გასცა პასუხი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეკითხვებს. არის ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროექტი და, შესაბამისად, ვერ დაადასტურა ვერც პოლიტიკური და ვერც ეკონომიკური რენტაბელურობა. ეს კითხვა კიდევ განმეორდება ქალბატონ  ცქიტიშვილთან. მეორე საკითხი, ეს არის "ფრონტერას" საკითხი, იმიტომ, რომ ის არის მთავრობის წევრი და იგივენაირად იზიარებს პასუხისმგებლობას. "ფრონტერას" თანამშრომლებთან მიმართებაში, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ისე რეგიონალური განვითარების მინისტრიც და კითხვები მექნება, აგრეთვე თვითმმართველობის რეფორმასთან,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და "მინისტრის საათის" ფორმატში მაია ცქიტიშვილისთვის კითხვების დასმას არ აპირებს.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შეჩერება სწორედ მაია ცქიტიშვილის დამსახურებაა და ის პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.

"ინფრასტრუქტურის მინისტრმა ცქიტიშვილმა ჩვენ თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ ის იყო მთავარი შემსრულებელი და გამხმოვანებელი ბიძინა ივანიშვილის ნებისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერებულიყო. ის ჩვეულებრივი მემკვიდრეა და აგრძელებს იმ ტრადიციას, რომ ყოველწლიურად ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი შეუსრულებელი ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამდენი რამეა გასაკეთებელი. მაგრამ ჩვენ, "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ ვაპირებთ "ქართული ოცნების" ცალკეულ მინისტრებთან ცალკეულ დეტალებზე დავას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების დროს უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ივანიშვილიც, ცქიტიშვილიც და "ქართული ოცნების" მთავრობა მთლიანად,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებული უწყებაა. 

"მეშვიდე ინფრასტრუქტურის მინისტრი ჰყავს საქართველოს მთავრობას და აქედან 6-ის გვარი არ ვიცით, ერთის გვარი იმიტომ გვახსოვს, რომ არის მოქმედი მინისტრი, რომელსაც მიუძღვის წვლილი იმ დანაშაულებრივ ქმედებაში, რომელსაც ჰქვია ანაკლიის პროექტის ჩაძირვა, მისი დასამარება და პირდაპირ რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილება. ამიტომ, ქალბატონი ცქიტიშვილი აუცილებლად აგებს პასუხს და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობით. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა 8 მილიარდი ლარი 7 წლის განმავლობაში. ეს არის ყველაზე დიდი მხარჯავი დაწესებულება და დიდი რაოდენობით ფულია მითვისებული. ყველაზე წარუმატებელი სამინისტროა და ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული დაწესებულება, რომელიც ბიუჯეტიდან დიდძალ ფულს იღებს და ეფექტი არის ნაკლები,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

დღის ამბები