18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
9 მარტს საარჩევნო სისტემაზე შესათანხმებლად გათვალისწინებული ვადა იწურება - რას პასუხობს ოპოზიცია არჩილ თალაკვაძეს

ზუსტად 2 დღეში, 9 მარტს საარჩევნო სისტემაზე შესათანხმებლად გათვალისწინებული ვადა იწურება. დროის სიმცირის მიუხედავად, პოლიტიკური ოპონენტები ისევ საპირისპირო პოზიციებზე რჩებიან, თუმცა ნაკლებად კატეგორიულად.

ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმების მისაღწევად ნაბიჯები ორივე მხრიდან იდგმება და საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, არჩილ თალაკვაძე მოლაპარაკებაზე ვერავის მიიწვევს, სანამ მმართველი გუნდი საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს:

"თალაკვაძისგან არ მიგვიღია, ჩვენ გვეპატიჟებოდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლობები, თორემ თალაკვაძე ახლა ვერავის ვერ მოიწვევს, სანამ მას ის პოზიცია აქვს, რაც აქვს. ჩვენი პოზიცია ათასჯერ გვაქვს ნათქვამი, ის არის ყველასთვის ცნობილი, ივანიშვილი ორივე მიმართულებით უნდა მოეგოს გონს, აქედან გამომდინარე მთელი მისი ეს მანქანაც, რომელიც მას ემორჩილება. პოლიტპატიმრები უნდა გაუშვან, კარგია, რომ ერთი პოლიტპატიმარი, მართალია გირაოთი, მაგრამ გათავისუფლდა და უნდა დათანხმდნენ არსებითად პროპორციულ სისტემაზე. ბარიერის დაწევაზე, რა თქმა უნდა, თანახმა ვართ, ეს არ არის საკვანძო საკითხი "ევროპული საქართველოსთვის", მაგრამ არის მნიშვნელოვანი საკითხი ზოგიერთი პარტიისთვის. მხოლოდ ამიტომ კი არა, ისედაც ნორმალურია, თუ დაწევენ ბარიერს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების მორიგ რაუნდში შესვლა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ხელისუფლება ოპოზიციის 2 მთავარ მოთხოვნას გაითვალისწინებს:

"ჩვენი მთავარი მოთხოვნები არის უცვლელი, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან და მეორე - უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და შეწყდეს პოლიტიკური ლიდერების დევნა. ეს არის 2 მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. თუ გათვალისწინებული იქნება ეს მათ წინადადებაში, ბუნებრივია ჩვენ მზად ვართ კვლავ შევიდეთ მოლაპარაკების რაუნდში," - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მმართველი გუნდისგან ადეკვატურ შეთავაზებას ელოდება "ახალი საქართველოს" ლიდერიც. გიორგი ვაშაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის რეაქცია ძალიან მწვავე იქნება:

"პოლიტპატიმრებმა განცხადებაც გააკეთეს, რომ მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან არ აღიქმება ისე, რომ პოლიტპატიმრების თემა გვერდზე გადადის, თუ ეს იქნება ადეკვატური შემოთავაზება, შეიძლება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ. მაგრამ თუ ეს ისევ იქნება რაღაც არაადეკვატური თამაში, კიდევ ერთ ტყუილში შეყვანა და ა.შ, ძალიან მწვავე იქნება ჩვენი მხრიდან რეაქცია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თალაკვაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 5-ით მეტი იქნება თუ ნაკლები, პროპორციულ-მაჟორიტარულ მანდატებს შორის შეფარდება, მთავარი და პრინციპული არაა, უკიდურესად პოზიტიურს უწოდებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე:

"თალაკვაძის განცხადება არის უკიდურესად პოზიტიური, მე მივესალმები ასეთ განწყობას, დავეთანხმები, რომ არ ღირს იმის ძახილი - ვინ დათმო, ვისი მოგებაა, ვისი წაგებაა. ჩვენ თუ ახლა შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის, იდეალური ვერ იქნება, გასაგებია, ასეთი შეთანხმება იქნება ყველას საერთო გამარჯვება," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მმართველ გუნდთან შეთანხმების მიღწევის გაზრდილ შანსებზე საუბრობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა:

"ოპოზიციის საერთო პოზიცია არის და მთავრობაც ფორმალურად და დეკლარირებულად ამაზე გვეთანხმება, რომ მთავრობის ფორმირება შესაძლებელი უნდა იყოს, მხოლოდ პროპორციული სისტემით 40%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში. ჩვენ ვამბობთ, რომ ამის გარანტია არის 120/30-ზე, ხელისუფლება ამბობს, რომ "მაპზე უკეთესი" იქნება 110/40, მაგრამ რაღაც ალტერნატიულ ჩამკეტ მექანიზმს გვთავაზობენ. ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვიჩემებთ, თუ ეს მექანიზმი მართლაც იქნება ამ დათქმით 110/40 მისაღებია," - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები