ცხრა ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი პროკურატურამ გადასინჯა და დაკავებულების ბრაულობა გამორიცხა.
სულ საუბარია სისხლის სამართლის 4 საქმეზე.
მათ შორის, 2011 წელს ნიკო ფიროსმანაშვილის აბრაზე შესრულებული ნახატის "კახური ღვინო"-ს 500 000 აშშ დოლარად გასხვისების ფაქტზე, რის გამოც პროკურატურის ინფორმაციით, გაიოზ ჯავახიშვილის, გელა სანიკიძის, ალექსანდრე ფურცხვანიძის, დავით ზირაქაშვილისა და ზურაბ დათუკიშვილის დანაშაული ხელახალი გამოძიებით არ დამტკიცდა.
ახალი გამოძიების პროცესში დადასტურდა, რომ აბრაზე შესრულებული ნახატი "კახური ღვინო" არასდროს ყოფილა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი, რასაც ბრალდების ძირითადი არგუმენტი ემყარებოდა, ასევე არ ჰქონია ადგილი მისი საზღვარგარეთ გატანისა და გასხვისების მცდელობას.
განაჩენი გადაისინჯა ასევე გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორისა და მისი მოადგილეების საქმეებზეც. მათ მსჯავრი 2 138 ათასი ლარის გაფლანგვისთვის ედებოდათ.
ხელახალი გამოძიება ჩატარდა ნარკოდანაშაულის საქმეზეც, რომელშიც ფიგურირებენ ნიკოლოზ კიკვილაშვილი და თემურ ნაოჭაშვილი.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.
დღეის მდგომარეობით, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად შელახული სამართლებრივი უფლებები აღუდგა 335 მოქალაქეს.