იტალიასთან პირდაპირი ფრენები დღეიდან შეწყდება. ქვეყნის მასშტაბით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში დამატებითი ჯგუფების მობილიზაციაა.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან ბრუნდებიან, 14 დღის განმავლობაში კარანტინის გავლა მოუწევთ, ხოლო ტურისტებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ "კოვიდ 19" არ აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც 14 დღის გატარება კარანტინში მოუწევთ.
ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა მთავრობის წევრების მხრიდან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმეა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ პირდაპირი ფრენები იტალიასთან, ვინაიდან, იტალია განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს. ეკონომიკურად, საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ასევე, მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვინც აპირებდა გამომგზავრებას იტალიიდან პირდაპირი რეისების მეშვეობით საქართველოს მიმართულებით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმ თვალსაზრისით, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა და ამაზე იზრუნებს სახელმწიფო.
როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყოთ პირდაპირი ფრენების აღდგენა, რადგან ეს პირდაპირ ფრენები არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მონაპოვარი, ამას გავაკეთებთ. უბრალოდ ახლა კონკრეტული ვადების დასახლება რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელება ისეთი რამ არის, რაც ჩვენი კონტროლის მიღმაა," - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, ქვეყანა ცდილობდა ფრენები არ შეზღუდულიყო, თუმცა შექმნილ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო.
"ვცდილობდით, არ შეგვეზღუდა ფრენები არც იტალიასთან და არც სხვა ქვეყნებთან, თუმცა როდესაც ვიცით, რომ საფრთხეები მატულობს, რა თქმა უნდა, უკვე მისაღებია გარკვეული ზომები. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა ძალიან აქტიურად, პირველ რიგში ამ მიმართულებით განმსაზღვრელი არიან ეპიდემიოლოგები, ბუნებრივია ვითვალისწინებთ სხვა ქვეყნების პრაქტიკასაც. თავისთავად, ჩვენ მოვახდენთ ორგანიზებას ჩვენი მოქალაქეების ჩამოსვლის, საქართველოში დაბრუნების იმ მოქალაქეების, რომლებიც იტალიაში იმყოფებიან," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.