რუსეთს გენშტაბის მიერ საქართველოზე კიბერთავდასხმა გაეროს უშიშროების საბჭოზე, აშშ-მა ესტონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს.
უშიშროების საბჭოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კიბერთავდასხმა ცალკე პუნქტად იყო განხილული.
წესების გარეშე თამაშში რუსეთის მხილება სიახლე არ არის, თუმცა ახალი, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ის იყო, რომ პირველად მის ისტორიაში კიბერუსაფრთხოება ცალკე საკითხად განიხილეს. აქაც რუსეთი ნეგატიური დღის წესრიგის მთავარ როლშია.
საქართველოზე ე.წ. "გრუს" შეტევის საკითხი ნიუ-იორკში ესტონელმა, ბრიტანელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა წამოჭრეს. მავნებლური და საზიანო - ასეთია გაეროს რეაქცია კრემლის კიბერთავდასხმაზე.
ამას კი, წინ უძღოდა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მიმართვა იმის თაობაზე, რომ გასულ წელს განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსეთის შეიარაღებული ძალების კვალი გამოიკვეთა.
უკვე დღეს, საგარეო უწყება საერთაშორისო გამოძიების დასრულებისთანავე პარტნიორებთან ერთად კოორდინირებულ ნაბიჯებს აანონსებს. თბილისისთვის ნიუ-იორკიდან მიღებული გზავნილი იმის ნიშანია, რომ რუსული ჰიბრიდული ომის წინაშე ქვეყანა მარტო არ არის.
გზავნილების 3 ავტორიდან ორი, რუსეთის მსგავსად, უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან - აშშ და დიდი ბრიტანეთი. ისინი პირველები იყვნენ, ვინც კრემლის მორიგი დანაშაული მკაცრად, მომენტალურად დაგმეს და საქართველოს მხარე დაიჭირეს.
მაშინ საკითხს პირადად მაიკ პომპეოც გამოეხმაურა. კრემლის უკანონო ნაბიჯების წინააღმდეგ მუდმივად აქტიურობს ესტონეთიც, რომელსაც საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემების აწყობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის.
საერთაშორისო პლატფორმა რუსეთის წინააღმდეგ კვლავ შეუცვლელად სახელდება, თუმცა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კონკრეტული სტრატეგიის არქონა და ხელისუფლების პასიურობა ოპოზიციისთვის კრიტიკის საბაბია.
მმართველი გუნდისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიცია დამაიმედებელია და რუსეთის მორიგი თავდასხმების წინაშე პრევენციულ ზომად განიხილება. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი საზოგადოებისთვის ცნობილი სულ მალე გახდება.
"ჭიაყელას" სახელწოდებით ცნობილი კიბეროპერაცია საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების წინააღმდეგ 28 ოქტომბერს განხორციელდა. დასავლელი პარტნიორების ჩართულობით დაწყებულმა 3 თვიანმა გამოძიებამ დამნაშავედ მოსკოვი სცნო.